სიღნაღში ფოტოგამოფენა – დიეგო და ფრიდა გაიმართება
სიღნაღის მუზეუმში, ფოტოგამოფენა სახელწოდებით ,,დიეგო და ფრიდა” გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცემა იხილოს, ფრიდასა და დიეგოს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი 100-მდე ფოტონამუშევარი.
,,გამოფენა საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ მე-20 საუკუნის ამ გამორჩეული წყვილის ცხოვრებას უნიკალური ფოტომასალის საშუალებით. თავიდან ისინი პარტიზანულმა კავშირმა და ხელოვნების სიყვარულმა დააახლოვა. ქორწინების შემდეგ წყვილი შეერთებულ შტატებში დასახლდა. დიეგოსთვის ეს იყო კაპიტალისტური სამყაროს შიგნიდან გაცნობის შესაძლებლობა. დეტროიტის გამოცდილებამ და როკფელერის შენობაში თოკების გაწყვეტამ ხელი შეუწყო გუანახუატოელი მხატვრის შემოქმედების ჩამოყალიბებას. ფრიდასთვის ეს ნიშნავდა არა მარტო დიეგოსთან ურთიერთობის განმტკიცებას, არამედ მსოფლიოს ახლებურად დანახვას. ამგვარად სანამ რივერა ინდუსტრიალიზაციისა და ტექნოლოგიის ძალას ითვისებდა, ფრიდა ეცნობოდა სხვათა იდეებსა და დამოკიდებულებებს: აბორტებმა, ქირურგიულმა ჩარევებმა და კონტაქტმა ბურჟუაზიულ სამყაროსთან ღრმა კვალი დაამჩნია კოიოაკანელი ხელოვანის შემოქმედებას. მექსიკაში დაბრუნების შემდეგ, შესამჩნევი იყო დიეგოს ინტერესი ქვეყნის მოდერნიზაციის მიმართ”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიება გაიხსნება 28 სექტემბერს. გამოფენის გახსნაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
“გამოფენის გახსნაზე დასასწრები ბილეთის საფასური შემდეგნაირად ნაწილდება: მოზრდილი 5 ლარი; სტუდენტი 1 ლარი; სკოლის მოსწავლე 50 თეთრი; პენსიონერი 50 თეთრი; ბავშვი 6 წლამდე უფასო”, – განაცხადეს სამინისტროში.
გამოფენა 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ავტორი:ნატალია ცისკარაშვილი