სტატისტიკის ეროვნული სამსახური სიღნაღში კვლევებს ჩაატარებს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNISEF) წარმომადგენლობის მხარდაჭერით სიღნაღის მუნიციპალიტეტში „მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას“ ჩაატარებს. როგორც knews.ge-ს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, კვლევის ფარგლებში მნიშვნელოვანი მონაცემები შეგროვდება გარემოს დაცვაზე, განათლებაზე, ბავშვთა განვითარებასა და ჯანდაცვაზე. განსაკუთრებული ყურადღება ადრეულ ქორწინებასა და ქალთა ჯანმრთელობას მიექცევა.
“კვლევის შედეგად, საქართველოში შეგროვდება ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებული მონაცემები სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას. კვლევა, ასევე 2-დან 8 წლამდე ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობას განსაზღვრავს. სიღნაღის მუნიციპალიტეტში კვლევა 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება”, – განაცხადეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.
კვლევის განხორციელებაში სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობაც ჩაერთვება.
ავტორი:ნიკოლოზ ესიტაშვილი