მევენახეები ყურძნის გადაყრით იმუქრებიან
გურჯაანში, დუგლაძეების ღვინის ქარხანასთან ამ დრომდე რიგებია. მევენახეებმა მთელი ღამე ყურძნის ჩაბარების მოლოდინში გაატარეს. ისინი რთველის საკოორდინაციო შტაბს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თუ მათი პრობლემით არავინ დაინტერესდება, ყურძენს ან იქვე ხევში გადაყრიან, ან თბილისში საქართველოს პარლამენტის წინ ჩაიტანენ.
“მთელი ღამეა რიგში ვდგავართ. ამ დრომდე ყურძენი ვერ ჩავაბარეთ. არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, ყურძენს გადავყრით ან დატვირთული მანქანებით პარლამენტის შენობის წინ ჩავალთ”, – განუცხადეს knews.ge-ს მევენახეებმა.
რთველის საკოორდინაციო შტაბში კი აცხადებენ, რომ რიგში დგომა აქტიური რთველისთვის დამახასიათებელი, ჩვეულებრივი მოვლენაა. უწყებაში ამბობენ, რომ ყურძენს ყველა მევენახე ჩააბარებს.
ავტორი:ნათია დათუკიშვილი