გურჯაანის სასამართლომ დედის მიმართ სისტემატურ ძალადობაში ბრალდებულს 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
გურჯაანის რაიონულმა ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც knews.ge-ს პროკურატურაში განუცხადეს, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნო.
„წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წარსულში, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ბ., წლების განმავლობაში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას- ნ.ბ.-ს, რომელსაც 2018 წლის 16 ივლისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ასევე რკინის ნივთი ჩაარტყა ხელებსა და ზურგში. აღნიშნულმა ქმედებებმა ნ.ბ.-ს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. სამართალდამცველებმა შ.ბ. 2018 წლის 16 ივლისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში დააკავეს. მას წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება , რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ შ.ბ.-ს სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.
ავტორი:ნიკოლიზ ესიტაშვილი