ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ალავერდის მონასტერში 24 სექტემბერს ჩამოაბრძანებენ
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ალავერდის მონასტერში 24 სექტემბერს ჩამოაბრძანებენ. მორწმუნეებს წმინდა ნაწილების მოლოცვა 26 სექტემბრამდე შეეძლებათ. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, კახეთის დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს გამთენიისას დატოვებს და ინდოეთში დაბრუნდება.
წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ინდოეთიდან ერთი წლის წინ 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს. თავდაპირველად წმინდა ნაწილები საქართველოში 6 თვით, 1-ელ მარტამდე უნდა დარჩენილიყო, თუმცა შემდგომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის თხოვნით მიმართა და წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში დამატებით, 6 თვით დატოვება ითხოვა.
წმინდა ნაწილები საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ორმხრივი სამთავრობო შეთანხმების შედეგად ჩამოაბრძანეს.
წმინდა ქეთევან დედოფალი სარწმუნეობისთვის შაჰ-აბასის ბრძანებით 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა, წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს და ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს. შემდგომ მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.
წმინდა დედოფლის საფლავი 2006 წელს ინდოელ არქეოლოგებთან და ექსპედიციის წევრებთან ერთად, ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ აღმოაჩინა. კვლევის შედეგები 2013 წელს ჟურნალ ARCHEOLOGY-ში დაიბეჭდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთის არქეოლოგიის სამსახურის კოლექციაშია დაცული.