სანიორეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. იუსტიციის მინისტრის თქმით, ორი მეზობელი სოფლის მოსახლეობის დაჟინებული თხოვნა, რომ საზოგადოებრივი ცენტრი ორივე სოფელში აშენებულიყო, იუსტიციის სამინისტრომ გაითვალისწინა და, თელავის მაჟორიტარი დეპუტატისა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, გამოიძებნა მიწის ნაკვეთი ორი სოფლის საზღვარზე. მინისტრის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების სრულიად ახალი შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. ,,ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული.
საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ყველა ის საჯარო სერვისი, რომელიც ქალაქად იუსტიციის სახლებში გაიცემა, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი, უკაბელო ინტერნეტით, კომპიუტერების დარბაზითა და ელექტრონული ბიბლიოთეკით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ.
სანიორე/ნაფარეულის საზოგადოებრივი ცენტრი ორი სოფლისა და მათ მიმდებარედ (სოფლებში: ლაფანყური, ართანა, ჯუღაანი, ფშაველი, ლალისყური, ლეჩური) მცხოვრებ 10 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. საბანკო სერვისებით, 24-საათიანი კავშირით სამყაროსთან მობილური ოპერატორის საშუალებით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ. ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა”,- განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.
საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავთან დაკავშირებით საზოგადოებრივ ცენტრში ასევე გაიხსნა გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.
ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1918-21 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო- და წერილობითი მასალა დაათვალიერეს.