სტიქიამ თელავში ცენტრალური გზები დააზიანა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით რთული ვითარებაა რუსთაველის ქუჩაზე, სადაც მოვარდნილმა წყალმა ქვაფენილი აყარა და გზის ნაწილი ჩახერგა.
უწყების ინფორმაციით, მოძრაობა შეფერხებულია ასევე მშვიდობის ქუჩაზე. მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სტიქიის ზონაში ყველა შესაბამისი სამსახური შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს.
შეგახსენებთ, ძლიერმა სტიქიამ თელავის, ახმეტის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა: განადგურებულია ვენახები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები, ხეხილის ბაღები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დატბორილია სახლები. უხვი ნალექის გამო დაიტბორა ასევე იუსტიციის სახლის სარდაფი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტიდან 51 შეტყობინება შევიდა. მათივე ინფორმაციით, სტიქიის ზონაში წყლის დონემ იკლო, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
,,ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრის წარმომადგენლები. ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სარდაფები. შეიქმნა ავტომანქანების გადაადგილების პრობლემაც. ძლიერი ნალექისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა”,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.