ძლიერმა სეტყვამ თელავის და ახმეტის სოფლები დააზარალა
ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო თელავში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. თელავის მერის ინფორმაციით, სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რის გამოც ღვარცოფმა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეაფერხა. ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციითვე, სტიქიამ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.
„ქალაქში და მუნიციპალიტეტის მასშტაბით დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. სამაშველო სამსახური მუშაობს და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. სტიქის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია ქუჩები“, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს” თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.
როგორც თელაველებმა knews.ge-ს განუცხადეს, ამ დროისთვის მათ ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქ თელავს და მუნიციპალიტეტის სოფლებს.
კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ რამდენიმე ქვესადგური მწყობრიდან არის გამოსული და როდის აღდგება ენერგომომარაგება ამ დროისთვის უცნობია.
სტიქია იყო ახმეტის მუნიციპალიტეტშიც. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ქისტაურში. ნახევარსაათიანმა სტიქიამ ვენახები, სიმინდი, ხეხილის ბაღები და საკარმიდამო ნათესები გაანადგურა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის თქმით, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ ახშანის გზაზე, სადაც ხეებია წაქცეული. მისი თქმიღთ, შებამისი ტექნიკა გზის გასაწმენდად უკვე მუშაობს
„ძლიერი სეტყვა იყო, რამდენიმე სოფელი დაისეტყვა, თუმცა ყველაზე რთული სიტუაცია სოფელ ქისტაურშია, სადაც სეტყვა და ქარი იყო. წაქცეულია ხეები, რაც მოძრაობას აფერხებს. ზარალის რაოდენობაზე ამ ეტაპზე ინფრმაცია არ მაქვს“, – განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.