აუდიტის სამსახური – ახმეტის მერიამ თუშეთში ერთ ფრენაში 21.300 ლარი გადაიხადა, ადგილზე კი მოსახლეობას 1300 ლარის სასაჩუქრე პაკეტები დაურიგა
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში სულ 5 ფრენა განხორციელდა, მათ შორის 3 ფრენის ფარგლებში მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის გადაყვანა და მათთვის სასურსათო მარაგისა და საჭირო ინვენტარის გადატანა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციითვე, რაც შეეხება ორ ფრენას, მუნიციპალიტეტის მერიის მონაცემებით, ისინი განხორციელდა თუშეთში მცხოვრები პირებისათვის საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების გადასაცემად.
,,ბიუჯეტებით გათვალისწინებული ქვეპროგრამის თუშეთის მოსახლეობის ავიარეისით მომსახურების ფარგლებში, შესყიდვა განხორციელდა ორი ელექტრონული ტენდერის საშუალებით და გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები. კერძოდ, 2016 წელს 70 000 ლარის, ხოლო 2017 წელს 25 500 ლარის ღირებულების ხელშეკრულება.
ბიუჯეტების მიხედვით, ქვეპროგრამის დანიშნულებაა ამინდის გაუარესების დროს შექმნილ უგზოობის პერიოდში თუშეთის მოსახლეობას ავიარეისით უფასო მომსახურება გაუწიოს. შემსყიდველი ორგანიზაცია კი ვალდებულია შესყიდვის რაციონალურად განხორციელებაზე. 2016 წლის 29 თებერვალს ვერტმფრენით იმგზავრა მუნიციპალიტეტის შვიდმა წარმომადგენელმა და შვიდმა ადგილობრივმა მოსახლემ, მგზავრობის ღირებულებამ შეადგინა 21 300 ლარი და ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცა 1300 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტები. 2017 წლის 21 თებერვალს, ავიარეისით იმგზავრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და მათ მიერ მოწვეულმა სტუმრებმა, სულ 19-მა ადამიანმა. მგზავრობის ღირებულებამ შეადგინა 25 500 ლარი და ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცა 2 600 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტები და მედიკამენტები (მედიკამენტების ღირებულება შეადგენდა 138 ლარს). აღნიშნული ორი ფრენის ფარგლებში მოხდა 3 900 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტების ადგილობრივი მოსახლეობისათვის გადაცემა, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტმა 46 800 ლარის ხარჯი გასწია“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.