რუისპირის მოსახლეობა სოფლის სპეციალური ფონდის დაწესების ინიციატივით გამოდის
ინიციატივის ავტორის, მეწარმე გიორგი ალადაშვილის თქმით, კოოპერატივში რუისპირში მოქმედი ყველა მეწარმე, ბიზნესმენი, საწარმო თუ აგროტურისტული ცენტრი გაერთიანდება.
,,ჩვენი მიზანია სოფლის განვითარება. საინიციატივო ჯგუფი სოფლის ნებისმიერ პრობლემას მიიტანს იმ პირებამდე, რომლებსაც შეუძლიათ მისი მოგვარება. ასევე აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მოვიზიდოთ სტარტაპები და გრანტები სოფლის განვითარებისთვის. ვგეგმავთ შექმნათ კოოპერატივი, გვექნება ჩვენი ბიუჯეტი, წევრები იქნებიან საწარმოები და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებლები. ამით დავაინტერესებთ ტურისტებს და განვითარდება ეს სფერო, რაც ჩვენს ეკონომიურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. საინიციატივო ჯგუფის მიერ მოძიებული და ფონდში არსებული თანხა სოფლის განვითარებას და გაძლიერებას მოხმარდება. ჩვენი მიზანია ასევე სოფელში წარმოებული ბიოპროდუქტის პოპულარიზაცია. სწორედ ამას ემსახურებოდა რუისპირში ჩატარებული ღონისძიება, რომელსაც სოფლის მაცხოვრებლების, მეწარმეების და დაინტერესებული პირების გარდა თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ალადაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფი ასევე გეგმავს, მოიძიოს და დააინტერესოს საერთაშორისო ორგანიზაციები და სოფლის განვითარების კუთხით სხვადასხვა პროექტი განახორციელოს.