სიღნაღის საკრებულო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ინიციატივით გამოდის
როგორც knews.ge-ს საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილმა განუცხადა, წარმომადგენლობითი ორგანო მზადაა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, მათ უპირველეს მოვალეობასთან – სწავლასთან ერთად მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რათა დააფიქსირონ თავიანთი დამოკიდებულება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ამა თუ იმ საკითხზე.
“ქვეყნის განვითარების ფუნდამენტი არის საზოგადოება, რომელიც იყენებს და იცავს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, ხოლო ახალგაზრდობა ამ საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.ცალსახაა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროცესის გასააქტიურებლად აუცილებელია მათ ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია, უნარ-ჩვევები და ცოდნა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მომავალში მათი სამოქალაქო აქტივობის ზრდას, რაც აუცილებლად იქცევა ადგილებზე დემოკრატიისა და თვითმმართველობის ინსტიტუტის განვითარების ერთ-ერთ წინაპირობად. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო იწვევს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს , მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების წარმართვაში. დგილობრივ თვითმმართველობას მოქალაქეთა ჩართულობით შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და ამასთან, ახალგაზრდებთან დაახლოებული მმართველობა, რაც მუნიციპალიტეტის განვითარების უმთავრესი საფუძველია”, – განუცხადა knews.ge-ს ილია ხატიაშვილმა.