ლაგოდეხში, გურგენიანის ჩანჩქერის ტერიტორიაზე 6 მოზარდია დარჩენილი
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მდინარის მეორე ნაპირთან დარჩენილი 6 მოზარდი გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რომელსაც დარჩენილი პირები ადგილიდან გამოჰყავს.
„6 ბავშვია ჩარჩენილი, ამ ეტაპზე ისინი სრულიად უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან, შედარებით ამაღლებულ ადგილზე. ვინაიდან ტექნიკა ადგილზე ვერ მიდის, მობილიზებულია ცოცხალი ძალა. ადგილზე ამ დროისთვის 9 მაშველი იმყოფება. როდესაც ბავშვები სიმაღლიდან ჩამოვლენ, სამაშველო ჯგუფი მათ გამოყვანას დაიწყებს. მათ ადიდებული მდინარის მეორე ნაპირიდან თოკების დახმარებით გამოიყვანენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.