თელავში ბუნებრივი აირი გაძვირდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თელავში მცხოვრები ნაწილი აბონენტებისთვის ტარიფი 53 თეთრით განისაზღვრა.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში“ ტარიფს მომატებას კანონის მოთხოვნას უკავშირებენ. კომპანიის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა განმარტავს, რომ კომპანიამ სემეკს წარუდგინა საინვესტიციო და საექსპლუატაციო ხარჯები, რომლის მიხედვითაც დადგინდა გაზის ახალი ტარიფი.
„ახალი ცვლილების მიხედვით აბონენტები, რომლებიც იხდიდნენ 59 თეთრს, პირველი აგვისტოდან ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 53 თეთრს გადაიხდიან. ბუნებრივი აირი აბონენტების იმ ნაწილისთვის გაძვირდა, რომლებიც 48 თეთრს იხდიდნენ. 1 აგვისტოდან თელავის მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტი 53 თეთრს გადაიხდის“,“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ვასილ ხორავა.
მოსახლეობა ბუნებრივი აირის ტარიფის მომატებით უკმაყოფილოა. ისინი ხელისუფლებას ამ მიმართულებით სუბსიდირების პროგრამის განხორციელებისკენ მოუწოდებენ.
„ისედაც მძიმეა სოციალური ფონი რეგიონში და მოსახლეობა შეძლებს თუ არა გადახდას, რატომ არ ფიქრობს მთავრობა ამაზე? კარგი იქნება, რომ გაჭირვებულ ადამიანებს მთავრობ გაზის გადასახადში დაეხმაროს“, – აცხადებს knews.ge–სთან საუბრისას ქალაქ თელავში მცხოვრები თინა მახარობლიშვილი.