თუშეთში საერთაშორისო პრინტ ფესტივალი დაიწყო
ფესტივალი, რომელიც თი ბი სი ბანკის მხარდაჭერით იმართება, სხვადასხვა მედიაში მომუშავე არტისტების ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით შექმნილ ნამუშევრებს გააერთიანებს. „DO OR DO NOT“ – „თუ აკეთებ გააკეთე“ – წლევანდელი ფესტივალის თემაა.
თი ბი სი ბანკის ინფორმაციით, მხატვრებმა, ვიდეო არტისტებმა, პერფორმერებმა, მუსიკოსებმა, დიზაინერებმა და ფოტოგრაფებმა პროექტის დაწყებამდე ცნობილი თუში ფოლკლორისტისგან ეთერ თათარაიძისგან ძველი თუშური ლეგენდები მოისმინეს და თუშური ორნამენტები შეისწავლეს. ბანკის ცნობით, არტისტები მოსმენილი ლეგენდების შთაგონებით მითიურ პერსონაჟებს იმიჯების სახით გააცოცხლებენ, რომლებიც მოგვიანებით ტექსტილზე დაიბეჭდება და საბოლოოდ ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიით დაზგური გრაფიკის სახელოსნოში კოსტიუმებად შეიკერება.
,,კოსტიუმებს სოფელ ომალოში მცხოვრები ახალგაზრდები მოირგებენ და პერფორმანსს წარმოადგენენ, რომელიც თუშურ ფოლკლორსა და თანამედროვე მუსიკას გააერთიანებს. პარალელურად ომალოს სხვადასხვა გარე სივრცეში ქუჩის გალერეის სახით ინსტალაციები მოეწყობა, სადაც მონაწილე არტისტების შექმნილი ბანერები და ფოტოები გამოიფინება. მთელი ეს პროცესი კი თუშეთის ამსახველ მოკლემეტრაჟიან საიმიჯო ფილმში მოხვდება”,- განაცხადეს თი ბი სი ბანკში.
თუშეთში პრინტ ფესტივალი 13 აგვისტომდე გაგრძელდება.
საერთაშორისო პრინტ ფესტივალი – „LIFE – N – STYLE“ საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის – ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარების ხელშეწყობაა.
ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა, საქართველოში მივიწყებული დარგია, რომლის პროცესშიც თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ორიგინალია. ხელით ბეჭდვა ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის.
საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის დასრულების შემდეგ პრინტ ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება დედაქალაქში ოქტომბერში გაიმართება.