ახალი ამბები

უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო

პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 
როგორც knews.ge-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში განუცხადეს, რეაბილიტაციის I ეტაპი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაყარი მიწის ფენისაგან კომპლექსის ციტადელისგაწმენდას, მისი ცალკეული არქიტექტურული სეგმენტების კონსერვაციასა და ინფრასტრუქტურული კვანძების მოწყობას მოიცავს. უწყების ინფორმაციით, გალავნის შიდა და მიმდებარე სირცეებზე გრუნტის მოხსნის პროცესი მუდმივი არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კულტურული ფენების დაზიანებას გამორიცხავს. 
„ციტადელი, სადაც გალავნის რამდენიმე მონაკვეთი მნიშვნელოვნადაა მორღვეული, ხოლო რიგ შემთხვევებში კი მთლიანად დანგრეული, ძალოვანი ხარაჩოების მოწყობისა და სათანადო შურფების გაკეთების გზით გეოლოგიურად გამოიკვლევა. ძეგლის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გეოლოგიური კვლევის საფუძველზე არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ ერთობლივად განისაზღვრება ყველა საინჟინრო-კონსტრუქციული გადაწყვეტა და კომპლექსში შემავალი დაზიანებული ნაგებობების რესტავრაცია-კონსერვაციის მეთოდოლოგია. არქიტექტურული სეგმენტების გაწმენდისა და საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ, ციხე-ქალაქის ციტადელზე ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახედები დამონტაჟდება. ახლად გამოვლენილ სიმაღლეებზე კი ლითონის საფეხურები და ფლეთილი ქვის ბილიკები მოეწყობა, რომელთა პარამეტრები სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას პროექტის ავტორების მიერ განისაზღვრება. ციტადელის ინტერიერი და მიმდებარე ტერიტორია ველური ხის მასებისგან გაიკაფება, რაც ვიზიტორებს უჯარმის კომპლექსის სივრცული აღქმის მეტ საშუალებას მისცემს”, – განუცხადეს knews.ge-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. 
ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი საშუალოვადიანია და ის, სავარაუდოდ, 2022 წლისთვის დასრულდება. შ.პ.ს. „იკორთა 2007“-ის მიერ შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე უჯარმის კომპლექსზე სამუშაოებს შპს „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრი“ ახორციელებს. 
ისტორიული ცნობების მიხედვით, უჯარმა III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წამოადგენდა. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალის სახელთანაა დაკავშირებული. არქიტექტურული კომპლექსი რთულ რელიეფზე, 3 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. ის ორი ძირითადი ნაწილისგან – ციტადელისა (ზედა ანუ დედაციხე) და ქვედა ციხისაგან შედგება. ციტადელი მეფეთა სასახლეს, ჯვარპატიოსნის სახელობის კარის მცირე ეკლესიას, მარანსა და წყალსაცავს აერთიანებს და ოთხკუთხა მასიური კედლების მქონე გალავნითაა შემოსაზღვრული. გალავნის კედლებზე სიმეტრიული დაშორებითაა განთავსებული სწორკუთხა კოშკები. ციხე-ქალაქი ძლიერ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ქვედა ციხეს თითქმის თავდაპირველი იერსახე აქვს შენარჩუნებული.