თუშეთში მდებარე ნასოფლარ ინდურთას ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
როგორც knews.ge-ს კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ნასოფლარი ინდურთა მდებარეობს თუშეთის ალაზნის ხეობაში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
“ნასოფლარი განლაგებულია მაღალი, კლდოვანი მთის ერთ-ერთი განშტოების ბოლოში, მდინარე თუშეთის ალაზნის მარცხენა ნაპირას. ნასოფლარში ნანგრევებად ქცეული, სამ ათეულზე მეტი ნაგებობაა, რომელთა ნაწილი მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშეა შემორჩენილი, ნაწილი კი თითქმის მთლიანადაა დანგრეული, კედლები დაახლოებით 1-1,3 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. ნასოფლარის მახლობლად, მდინარე წოვათისწყლის მარცხენა შენაკადის ხეობაში სამაროვანია. ნასოფლარის თავზე, ერთმანეთთან ახლოს, დგას სამი ციხე-სახლი. სამივე ფიქლის მშრალი წყობითაა ნაშენი. მათგან ორო შედარებით ნაკლები დანაკარგებითაა მოღწეული, ხოლო მესამე ორსართულნახევრის სიმაღლეზეღა დგას. 1 ციხე-სახლი. ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროვებული. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა, მონგრეულია V სართულის კედლების დიდი ნაწილი. ასმსართულიანი 2 ციხე-სახლი, რომელიც განეკუთვნება XVII_XVIII საუკუნეებს, დგას ნასოფლარის აღმოსავლეთ განაპირას. II სართულზე კედლები შიგნით მიწაშერეული ნაკელითაა შელესილი. ჩანგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა, დანგრეულია III სართულის ჩრდილოეთ კედლის დიდი ნაწილი. სამაროვანი მდებარეობს მდინარე კლდოვანი ბორცვის ჩრდილო-აღმოსავლეთ და დასაველთის ფერდობებზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სამაროვანზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის თუშეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს რგოლი და შალის ქსოვილის ფრაგმენტი”, – განაცხადეს კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.