ახალი ამბები

თუშეთის დაცული ლანდშაფტის დირექტორს 29 ძირი ფიჭვის მოჭრას ედავებიან

თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ლაგაზიძეს სოფელ შენაქოში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, 29 ძირი ფიჭვის უკნონოდ მოჭრას ედავება. 
,,შენაქოს საფეხმავლო ხიდიდან დაახლოებით 150 მეტრში, 29 საღი ხე მოჭრა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე გვითხრა, რომ ჩეხეთიდან ჩამოსულ მოხალისეებთან ერთად საფეხმავლო ხიდის აღდგენას აპირებდა და ხის მასალა სჭირდებოდა. ნაკრძალში ხის მოჭრაზე უარი ვუთხარით. მას შემდეგ რაიმე კომუნიკაცია არ გვქონია. უცებ კი გავიგეთ, რომ ხეები მაინც მოუჭრია. რეინჯერების ხელმძღვანელმა შეძლო შეეჩერებინა, თორემ კიდევ აპირებდნენ მოჭრას. ზიანი აღვწერეთ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შევადგინეთ და მასალები რეაგირებისთვის პოლიციას გავუგზავნეთ, რადგან მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა“, – განუცხადეს ,,რეგინფოს” თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში.
„თუშეთის დაცული ლანდშაფტის“ დირექტორი ზაზა ლაგაზიძე განმარტავს, რომ ჩეხ მოხალისეებთან ერთად ის ომალო – შენაქოს დამაკავშირებელი საცალფეხო ხიდის აღდგენით სამუშაოებს აწარმოებდა, რომლის რეაბილიტაციაც ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მოთხოვნით შეწყვიტა.
„ვეთანხმები თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას იმ ნაწილში, რომ შენაქოს ხიდის რემონტი მათთან შეთანხმებული არ ყოფილა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი ამას არ ითანხმებენ წლების განმავლობაში. ეროვნული პარკის მიერ „კანონდარღვევაზე“ რეაგირების შედეგად შეწყვეტილია შენაქოს საფეხმავლო ხიდის აღდგენა, რაც ყველასთვის არასასურველი შედეგია. მიგვაჩნია, რომ გარემოს დაცვასთან ერთად ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენი, ორივე ადმინისტრაციის საზრუნავია“, – ამბობს ლაგაზიძე. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით, რაც გულისხმობს ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქმეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველო იძიებს.