გურჯაანში რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი დააკავეს
გამოძიება მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ხანგოშვილმა სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ის მეორედ დააკავეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მუსა ხანგოშვილი რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და მან საქართველოს საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა.
„მუსა ხანგოშვილი ავტომობილით გზაზე იყო შეჩერებული. სამართალდამცავებმა ხანგოშვილს საბუთები მოსთხოვეს, რათა მისი ვინაობა გადაემოწმებინათ. მუსამ პოლიციელების მოთხოვნა გააპროტესტა და მათ პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – განუცხადეს knews.ge-ს შსს-ში.
ის თავიდან ყვარლის წინასწარი მოთასების იზოლატორში იმყოფებოდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანგოშვილი შაქრიანი დიაბეტითაა დავადებული, რის გამოც მედიკოსებმა მისი კლინიკაში მოთავსება გადაწყვიტეს. იზოლატორში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე მუსა ხანგოშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მუსას ხანგოშვილის დედის, მედეა ხანგოშვილის ინფორმაციით, მისი შვილი 12 წელია რუსეთში ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში საქართველოში პირველად ოჯახის მოსანახულებლად ჩამოვიდა.
„ჩემი შვილი ოჯახის მოსანახულებლად ჩამოვიდა. ინფორმაცია, თითქოს კადიროვმა ხეობაში სპეციალურად გამოგზავნა, ტყუილია”,- აცხადებს მედეა ხანგოშვილი.
პანკისის ხეობაში მყოფმა ხანგოშვილმა რამდენიმე დღის წინ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა. სასამართლომ ხანგოშვილს ადმინისტრაციული წესით 2000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა და გაათავისუფლა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცავებმა იმავე ბრალდების ის გურჯაანში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სმართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.