არჩევნები

დედოფლისწყაროს საკრებულომ არჩევნებისთვის სააგიტაციო მასალების გამოსაკრავად ადგილები განსაზღვრა

წარმომადგენლობითი ორგანოს ინფორმაციით, განისაზღვრა შენობები, ფასადები და დაწესებულებების შენობები, სადაც ნებადართულია საარჩევნო ბანერებისა და პლაკატების გაკვრა.

,,საკრებულოს გადაწყვეტილებით სააგიტაციო მასალის გაკვრა ნებადართულია: კულტურის სახლების ფასადებზე და მათ მესერებზე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სასწავლო- აღმზრდელობითი დაწესებულებების კაპიტალურ მესერებზე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მათ მესერებზე, გარდა ადმინისტრაციული შენობებისა, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებულ ელექტრო ან სხვა დანიშნულების ბოძებზე სამი მეტრის სიმაღლემდე დაშვებით, მაგრამ სადენებთან და სხვა ელექტრო მოწყობილობებთან არანაკლებ ერთი მეტრის სიახლოვისა. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს კერძო პირის მფლობელობაში შემავალ შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, გარდა ამავე განკარგულებით აკრძალული შენობა- ნაგებობებისა”,- განაცხადეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო სუბიექტებს ეკრძალებათ სააგიტაციო მასალების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სასამართლოსა და პოლიციის შენობა-ნაგებობების ინტერიერსა და ექსტერიერში და საგზაო ნიშნებზე.