შვიდი დღეა, რაც პანკისელ მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ
დაკარგულის მეუღლე ხადიშათ მარგოშვილი ამბობს, რომ ოთარ ხანგოშვილი ჩეჩნეთში სამუშაოდ სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და ლარსის სასაზღვრო პუნქტი 28 ივლისს გადმოკვეთა, რომლის შემდეგაც მისი კვალი გაქრა.
“შვიდი დღეა, რაც ჩემს მეუღლეს ვეძებთ. 29 აპრილს წავიდა გროზნოში და იქიდან 26 ივლისს გადმოვიდა სხვა ადამიანთან ერთად. იმან გვითხრა, რომ ოთარმა სავიზო რეჟიმი ერთი დღით დაარღვია, რუსეთის მხარემ უკან დააბრუნა და ჯარიმის გადახდა დაავალა. ჩემმა მეუღლემ ჯარიმა გადაიხადა და საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 28 ივლისს”, – განუცხადა knews.ge-ს ხადიშათ მარგოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ოჯახს ოთარ ხანგოშვილთან სატელეფონო კომუნიკაცია ბოლოს 26 ივლისს ჰქონდა. ოჯახმა ოთარ ხანგოშვილის დაკარგვის შესახებ განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის ქვეგანყოფილებას უკვე მიმართა და მის მოძებნაში დახმარება სთხოვა.
“ბოლოს ჩვენ ოთარს 26 ივლისს ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ ორ დღეში ჩამოვალო. როდესაც არ გამოჩნდა, დუისის ადგილობრივ პოლიციაში განცხადება შევიტანეთ. ყველგან ვეძებეთ, სადაც შესაძლებელია რომ გაჩერებულიყო მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვეთ. ჩემს მეუღლეს მეგობრები ჰყავს ყაზბეგში, ჩემი ბიჭი წავიდა და იქაც მოიკითხა, მაგრამ არც იქ აღმოჩნდა. ყაზბეგის პოლიციამ კამერები შეამოწმა და დაფიქსირებული აქვთ, რომ 28 ივლისს 17:55 საათზე გადმოკვეთა საზღვარი. პოლიციას ვთხოვთ ოთარის მოძებნაში დახმარებას”, – აღნიშნა ხადიშათ მარგოშვილმა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოთარ ხანგოშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.