ახალი ამბები

“2017 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიცა”

ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა 2017 წელს საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ცხრა ადმინისტრაციის მიერ გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ.

როგორც Knews.ge-ს ორგანიზაციაში განუცხადეს, 2017 წელს ყველა გუბერნატორი ყოველთვე იღებდა შრომის ანაზღაურების ოდენობის სახელფასო დანამატს, პრემიას კი მხოლოდ 5 გუბერნატორი, მათ შორის კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი იღებდა.

“2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შემცირებულია სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატების ჯამური რაოდენობა – 276 020 ლარით;
წინა წელთან შედარებით, 2017 წელს 101 354 ლარით მეტი გაიცა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში ხელფასის სახით. 2017 წელს ყველა სამხარეო ადმინისტრაციის მიერ 97 730 ლარით მეტი ღირებულების საწვავი იქნა შეძენილი; 7 ათასი ლარით შემცირდა სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯები, მივლინებებზე გაწეული ხარჯი კი, წინა წელთან შედარებით, 2017 წელს 33 240 ლარით არის შემცირებული”, – ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევში.