ახალი ამბები

პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ოთხი პირი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სრულად ცნო. 

კერძოდ, მოსამართლემ რუსლან ალდამოვი, ანატოლი ბერძენიშვილი, რამაზ ამრგოშვილი და ზურაბ იდოიძე ტერორიზმის ხელშეწყობასა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფის ბრალდებაში გაამტყუნა. რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11-11 წლით, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, ზურაბ იდოიძეს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ანტიტერორისტული ოპერაცია პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი პირები რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი დააკავეს. კიდევ ორი პირი ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით დააკავა. ყველა მათგანს ბრალად ედება წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, რესურსებით უზრუნველყოფა და ტერორისტებისათვის თავშესაფრის მიცემა, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს დახმარება გაუწიეს დროებითი საცხოვრებლით, მომსახურებით და აგრეთვე უზრუნველყვეს საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით.