თუშეთში სახალხო დღესასწაული მეცხვარის დღე გაიმართება
ღონისძიება დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდება.
როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, ღონისძიების მიზანი თუშეთის პოპულარიზაციის გაზრდა, რეგიონში ეკო-ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენაა.
“თუშეთობის ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ–სპორტული ღონისძიებები” მშვილდოსნობა, ბაგირის გადაწევა, ნაბადზე ხტომა და დოღი. ღონისძიებები 20:00 საათზე დასრულდება. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება მეცხვარეობის ტრადიციული საქმიანობის ჩვენება, ცხვრის პარსვა, ყველის ამოყვანა, მატყლის დართვა, ქსოვა, თუშური ნაგაზისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, მოეწყობა ძველებური-თუშურ-მწყემსური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ტრადიციული კუთხე. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული თუშური კერძების მომზადების პროცესში და ამავე დროს დააგემოვნონ ხავიწი, გორდილა, კოტორი, ქუმელი, გუდის ყველი და ხინკალი. ღონისძიებები 20 საათზე დასრულდება”, – განუცხადეს knews.ge–ს ახმეტის მერიაში.
დღესასწაული თუშების უძველეს პროფესიას – მეცხვარეობას უკავშირდება და გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ივლისის ან აგვისტოს თვეში, ყოველწლიურად აღინიშნება.