სირიაში პანკისელი თარხან ბათირაშვილის ძმა გარდაიცვალა
ის პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან იყო. ხეობაში თარხან ბათირაშვილის იგივე აბუ ომარ ალ შიშანის ძმის გარდაცვალებას ადასტურებენ. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პანკისში გუშინ საღამოს გავრცელდა. მასთან ერთად სირიაში იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები, თუმცა არსებული ინფორმაციით, ისინი გადარჩნენ. ოჯახის ახლობლების განცხადებით, თამაზ ბათირაშვილი სირიაში 2013 წელს წავიდა, მოგვიანებით კი მეუღლე და 4 არასრულწლოვანი შვილი წაიყვანა. მათივე თქმით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში იყო და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირად ითვლებოდა.
ბათირაშვილი დაზვერვასა და კონტრდაზვერვაზე, ასევე იმ ციხეებზე იყო პასუხისმგებელი, რომლებიც ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს.
2016 წლის ივლისში სირიაში მოკლეს მისი ძმაც, 30 წლის თარხან ბათირაშვილიც, მეტსახელად “ჟღალი გენერალი”, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი იყო. არსებული მონაცემებით, ამ დრომდე სირიაში ასამდე პანკისელი წავიდა საბრძოლველად და უკვე 27 ახალგაზრდა სხვადასხვა შეტაკების დროს გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, პანკისელი მოზარდები სწორედ თარხან ბათირაშვილის, დაჯგუფებაში ირიცხებოდნენ. პანკისელი ახალგაზრდების ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებაში კი სასამრთლომ დამნაშავედ ცნო სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი, რომელსაც 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ფოტოზე მარცხნივ – თარხან ბათირაშვილი, მარჯვნივ – თამაზ ბათირაშვილი