კახეთში აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა განხორციელდება
საპილოტე პროექტის ფარგლებში მოქალაქეები ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში მიიღებიან. როგორც knews.ge-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პირველ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კახეთში მცხოვრებ 18-დან 22 წლამდე სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და სამსახურის პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში.
„რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში – შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას წარმოადგენს. საერთო ჯამში აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წელიწადში ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. აღნიშნული პროგრამა აჭარისა და გურიის რეგიონებშიც განხორციელდება. საბუთები მიიღება 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.