თუშეთის 10 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ეროვნული მნიშვნელობა ექნება ციხე-სოფელ ძველ დიკლოს, სოფლებს – კვავლოს, ფარსმას, ნასოფლარებს – გირევს, დაქიურთას, აგეურთას, ინდურთას, წაროს, ჭონთიოსა და ჰეღოს.
ყველა ეს სოფელი და ნასოფლარი გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლია. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვიილმა თუშეთში 10 ციხე-სოფლის – ძველი დიკლოს, ძველი გირევის, ჭონთიოს, ჰეღოს, აგეურთას, წაროს, კვავლოს, ფარსმას, დაქიურთასა და ინდურთას საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოების დაწყების შესახებ მიმდინარე წლის მაისში დააანონსა. კვირიკაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, საწყის ეტაპზე, დაახლოებით 400 ათასი ლარი გამოიყოფა.