პანკისელები ხელისუფლებას, ომბუდსმენსა და დიპლომატიურ მისიებს მიმართავენ
ადგილობრივები წერილში ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობენ და პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და დიპლომატიურ მისიებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
მათი თქმით, ბოლო დროინდელი მოვლენები ადგილობრივი მოსახლეობის ღრმა უკმაყოფილებას და უსამართლობის განცდას იწვევს. ადგილობრივებმა რამდენიმე მოთხოვნით დღეს აქცია გამართეს. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს 2017 წლის 26 დეკემბერის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის სიოცხლის ხელყოფის საქმეში დამნაშავე პირების დასჯა და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შეჩერება.
,,2017 წლის 26 დეკემბერს ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ღამით საკუთარ საწოლში სასტიკად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების აშკარა არაეფექტურობა ჩვენი ხეობის მძიმე ტრაგედიად იქცა. შეცდომა იყო სახელმწიფოს მიერ ძალის დემონსტრირებაზე ორიენტირებული სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება და უკვე სპეცოპერაციის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, რომელიც საქმეზე სიმართლის დადგენისა და დამნაშავე პირების დასჯის ნაცვლად, მაჩალიკაშვილების ოჯახის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს ახორციელებს. თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე ჩვენთვის ხეობის მიმართ სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა და ადგილობრივ მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში დაუცველობის და უნდობლობის ღრმა შეგრძნებას იწვევს.
მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა პანკისის ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობის გადაწყვეტილებას ეხება. მოგეხსენებათ, რომ პანკისის ხეობაში უკანასკნელ წლებში განხორციელდა ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. აღნიშნული ჰესების გამო ჩვენს ულამაზეს ხეობას უკვე მიადგა გამოუსწორებელი ზიანი. ამასთან იგეგმება დამატებითი სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. აღნიშნული ჰესების მშენებლობის შედეგად პრაქტიკულად ჩვენს ხეობაში ცხოვრება შეუძლებელი იქნება, ვინაიდან სრულად განადგურდება მდინარე ალაზნის ეკოსისტემა და უნიკლური ლანდშაფტი, დამატებით დაიკარგება საძოვრები, საფრთხე შეექმნება ჩვენი სოფლების სასმელ და სარწყავ წყალს, რის შედეგადაც ადგილობრივები აღმოჩნდებიან სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსების გარეშე. ამასთანავე, ხეობა დაკარგავს ტურისტულ მიმზიდველობას, რაც თითქმის არარსებული ეკონომიკური შესაძლებლობების ფონზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი დასაქმების წყაროს წარმოადგენს.
ჩვენ მოვუწოდებთ მაღალი თანამდებობის პირებს: დაინტერესდნენ და კონტროლის ქვეშ აიყვანონ ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენები და უზრუნველყონ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის დროული და სამართლიანი გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა, ასევე უზრუნველყონ ჰესების მშენებლობის პროცესის შეჩერება და ხეობის ალტერნატრიული მდგარდი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის გატარება; ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით, შეიმუშავონ პანკისის მდგრადი და სამართლიანი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა, რომელიც აქ მცხოვრები ადამიანებისთვის სოციალური კეთილდღეობის და განვითარების, დასაქმების, უნიკალური ეკოლოგიური სისტემის დაცვის წინაპირობას შექმნის; მიიღონ ყველა ზომა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ორგანიზებულ ადგილობრივ აქტივისტებზე და თემის ლიდერებზე პოლიციისა და სუს-ის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზეწოლის ფაქტების აღკვეთა და ხეობაში სამართლიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნა”, – ნათქვამია პანკისის ხეობის მოსახლეობის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.