გურჯაანში ხილის ფესტივალი გაიმართება
როგორც knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, კახეთის რეგიონში ხილის ფესტივალი პირველად ჩატარდება. მათი ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორები არიან: კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო.
ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალის მიზანის წარმოადგენს ადგილზე წარმოებული ხილის პოპულარიზება, ფერმერთა მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ცნობადობის ამაღლება, შიდა და საექსპორტო ბაზრებზე.
,,ფესტივალის მიზანია ბიზნეს კონტაქტების დამყარებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა ადგილობრივ ფერმერებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის; ხილის წარმოების კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობის წარმოჩენა, ფერმერთა ცნობიერების ამაღლება ხილის ჯიშობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესების კუთხით, ასევე, დაინტერესებულ პირთა ინფორმირება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ხელშემწყობ პროექტებზე, სწორის კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება. ფესტივალზე მოწვეულნი იქნებიან ხილის ადგილობრივი მწარმოებლები, ტურისტები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ბიზნეს სექტორის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ და შეიძინონ რეგიონში წარმოებული ხილი და მისგან დამზადებული ნატურალური წვენები, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით სპეციალურად მოწყობილ საკომუნიკაციო სივრცეებში გამართონ მოლაპარაკებები ადგილობრივ მწარმოებლებთან, გაეცნონ ხილის წარმოების კუთხით არსებულ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებსა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ხელშემწყობ პროექტებს, გაიზიარონ წარმატებული ფერმერების გამოცდილება და ისიამოვნონ შექმნილი გარემოთი”,- განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.