ევროკავშირის წარმომადგენლობამ ლაგოდეხში შეხვედრა გამართა
შეხვედრას, რომელიც სასტუმრო „ვალდ ჰოტელში“ გაიმართა, საჯარო, კერძო სექტორის და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები დაესწრნენ.
სტუმრებმა მერთან ერთად ლაგოდეხში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტები მოინახულეს და შედეგებს გაეცნენ.
როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, დახურული ტერასა და ლიტერატურული კაფე “ვალდ ჰოტელი” ლაგოდეხში ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა.
,,პროექტის შედეგად დამატებით დასაქმდა ოთხი ადამიანი. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში განხორციელებული ინიციატივის მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 43 000 ლარს შეადგენს, ხოლო ევროკავშირის შენატანი დაახლოებით 31 000 ლარია. ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა ასევე ლაგოდეხში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, რათა ხელი შეუწყოს და გააუმჯობესოს აღმავალი პრინციპით სოფლის განვითარება, რაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს”, – განუცხადეს Knews.ge-ს ლაგოდეხის მერიაში.