ლაგოდეხის საკრებულომ გარევაჭრობის რეგულაციის წესებზე მუშაობა დაიწყო
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, გარევაჭრობაზე გარკვეული რეგულაციები უნდა დაწესდეს. კახა ჯამბურიას თქმით, არსებობს პრობლემები სურსათის უვნებლობის, გარემოს დაბინძურების, ქალაქის იერსახის დამახინჯების და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების მხრივ, რომლსაც დროულად მოგვარება სჭირდება.
,,ამ წესების დამუშავება და რეგულაციები მნიშვნელოვანია, როგორც სისუფთავის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ამ ეტაპზე ვმუშაობთ გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრის, გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის სახეობებისა და მათი განთავსების წესების რეგულირებაზე”, – განუცხადა knews.ge-ს კახა ჯამბურიამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, არასამთავრობო სექტორის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაზრების ადმინისტრაციის და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ.