“თელავში ავარიულად დაშვებული ვერტმფრენი ტექნიკურად გამართული იყო”
კეკელიძე დივერსიის შესაძლო ვერსიას გამორიცხავს.
„ამ წუთში ძალიან ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამ განაპირობა ავარიული დაშვება. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ვერტმფრენი ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული იყო. ისევ და ისევ, უნდა დაველოდოთ იმ საშუალებების გაშიფვრას, რაც ვერტმფრენშია“, – განაცხადა თემურ კეკელიძემ.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა – თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან ავარიულად დაეშვა, რომლის შედეგად ვერტმფრენში მყოფი ხუთივე ადამიანი დაშავდა. ორი დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, მათგან ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სამი მფრინავი კი ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც knews.ge-ს რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“დაშავებულ ერთ პირს მუცლის ღრუს არეში ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მეორე პირს კი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ. მას გულ-მკერდის ნეკნების მოტეხილობა აქვს”, – განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.
გიორგი გახარიას უწყებამ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, შემთხვევას გენერალური ინსპექციაც შეისწავლის.