უწყლოდ და უგზოდ დარჩენილი სოფელი ანაგა
ანაგაში მცხოვრები ნინო გოგოლაშვილი ამტკიცებს, რომ ერთი თვეა, რაც სოფელს წყალი არ მიეწოდება. გოგოლაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას პრობლემოს მოგვარება არაერთხელ სთხოვეს, მაგრამ უშედეგოდ.
„ძალიან რთული მდგომარეობაა სოფელში. ზაფხულის ცხელ დღეები სოფელში ერთი თვეა წყალი არ არის. მოსახლეობას წყალი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მოაქვს. სიღნაღში არის წყლის საკმარისი მარაგი, რომ ჩვენს სოფელში მცხოვრები ყველა ოჯახს ჰქონდეს წყალი. ამისთვის საჭიროა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. დაზიანებული სისტემის გამო წყალი ტუილად იღვრება“, – ამბობს Knews.ge-სთან საუბრისას ნინო გოგოლაშვილი.
უწყლოობის პრობლემის გარდა, ადგილობრივები სოფელთან დამაკავშირებელი დაზიანებული გზის გამოც გამოხატავენ უკმაყოფილებას. ანაგელები გზის რეაბილიტაციას უკვე წლებია ითხოვენ. მათ გასულ წელს რამდენჯერმე საპროტესტი აქცია გამართეს და პრობლემის მოგვარება პრემიერ-მინისტრს სთხოვეს. ისინი ამბობენ, რომ სოფლის გზა სერიოზულად არის დაზიანებული და წვიმიან ამინდში ფეხით გადაადგილება შეუძლებელია, ზამთრის პერიოდში კი ზოგჯერ სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ აღწევს დანიშნულების ადგილამდე.
“როდესაც 2018 წლის ბიუჯეტი იგეგმებოდა, ანაგელები ვითხოვდით ამ გზის რეაბილიტაციას, სანიაღვრეების მოწყობას, რადგან გაზაფხულობით მოვარდნილ ხევს ყოველწლიურად მოაქვს ქვაღორღი და ისედაც გაუბედურებულ გზაზე გადაადგილებას ართულებს. სიღნაღის მერიამ კი მიჩნია, რომ ამ გზას სანიაღვრეები არ სჭირდებაო და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაიწყეს მთავარანგელოზის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები. მათ გზაზე დაყარეს რამდენიმე მანქანა მიწა, მაგარამ მოვარდნილმა წყალმა წაიღო დაყრილი მიწაც. რაც ყველაზე უარესია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს. ავადმყოფს საკაცით დაატარებენ. ამ გზაზე მდებარეობს სასაფლაო, საბავშვო ბაღი და მამათა მონასტერი, სადაც უამრავი მომლოცველი დადის. სოფელში ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გზა ესაა”, – აღნიშნავს გოგოლაშვილი.
ადგილობრივთა ნაწილის პრეტენზიებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გამოეხმაურა. გიორგი გოგილაშვილი სოფელში გზისა და წყლის პრობლემას ადასტურებს, თუმა მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მერი სოფლის წყალმომარაგების გარეშე დარჩენას უარყოფს და ამბობს, რომ ანაგას წყალი გრაფიკით მიეწოდება.
„როდესა სტიქია იყო, მუნიპალიტეტის ბევრ სოფელში გაფუჭდა გზები. სოფელ ანაგაში ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდა ტრაქტორი. გზები შეძლებისდაგვარად გადასწორდა და მოიხრეშა. ანაგის გზაზე ამ ეტაპზე ასფალტი ვერ დაიგება, რადგან ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის. გარდა ამისა, რომც გვქონდეს საკმარისი თანხა და დავასხათ ასფალტი, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის გამო ასფალტის აყრა მოგვიწევს. ეს კი წყალში გადაყრილი ფული იქნება. რაც შეეხება სასმელი წყლის პრობლემას, გვალვების პერიოდია და წყლის პრობლემა ანაგას გარდა, სხვა სოფლებში არის, თუმა საგანგაშო მდგომარეობა არ არის. სოფელს გრაფიკით მიეწოდება წყალი. მე ყოველდღიურად ვხვდები სოფლებში ჩემს წარმომადგენლებს და დეტალურ ინფორმაციას ვიღებ მათგან. ამჟამად მიმდინარეობს მთავარანგელოზის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას გიორგი გოგილაშვილი.
თუ აღნიშნული პრობლემები არ მოგვარდება, ადგილობრივები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიხცავენ.