თელავში ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებული პირების მდგომარეობა მძიმეა
როგორც knews.ge-ს რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“დაშავებულ ერთ პირს ამ წუთებში მუცლის ღრუს არეში ოპერაცია უტარდება. წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მეორე პირს კი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ. მას გულ-მკერდის ნეკნების მოტეხილობა აქვს. ველოდებით, რომ შემთხვევის დროს დაშავებულ კიდევ სამ პაციენტს შემოიყვანენ”, – განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან სასაზღვრო ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად 3 მფრინავი, 1 მესაზღვრე და პოლიციის 1 თანამშრომელი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.