სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, შესაძლოა, მომავალი წლიდან აღდგეს
ამის შესახებ ყვარელში “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის” II ფორუმზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას სააგენტო droa.ge ავრცელებს.
აღნიშნული პროგრამის აღდგენა ფორუმზე საკრებულოს თავმჯდომარეებმა მოითხოვეს. მათი თქმით, პროგრამის გაუქმებამ ისინი მოსახლეობას დააშორა, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ყველაზე ეფექტური მექანიზმი მოაკლდათ.
თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლების განმარტებით, სოფლის მხარდაჭერის 50-მილიონიანი პროგრამა, მუნიციპალიტეტების მწირი ბიუჯეტის ფონზე, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად საჭირო და მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენდა.
,,ამ პროგრამის ფარგლებში არაერთ სოფელში გარეგანათების, წყლის, გზის და სხვა პრობლემები მოგვარდა. ეს იყო ერთადერთი პროგრამა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ძალიან კარგ შესაძლებლობას ქმნიდა. ის, თუ რა უნდა გაკეთებულიყო სოფელში, საერთო კრებაზე სწორედ მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, ადგილობრივ ხელისუფლებას კი საკუთარი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტი განეხორციელებინა.ვფიქრობთ, სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხების გამოყოფა აუცილებელია. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მის სოფელში გარკვეული თანხა დაიხარჯება და საკითხების გადაწყვეტაშიც თავად იქნებიან ჩართული”, – ამბობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სოფლის დახმარების პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, იმ შემთხვევაში თუ პროგრამას აღადგენენ, მასში, სავარაუდოდ, გარკვეული სახის ცვლილებები შევა.