ახალი ამბები

პანკისში ჰესის მშენებლობის საკითხზე EMC სასამართლოში დავას იწყებს

ორგანიზაცია სასამართლოს სოფელ ბირკიანთან, მდინარე ალაზანზე შპს „ალაზანი ენერჯის“ მიერ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის „ხადორი 3“ მშენებლობის ნაბართვის ბათილად ცნობას ითხოვს. გარდა ამისა, EMC-ის მოთხოვნაა, მიმდინარე მშენებლობის პროცესის დროულ შეჩერება. 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქმეში მოსარჩელეები ხეობაში მესამე ჰესის მშენებლობის შემთვევაში ხეობის უნიკალური ეკოლოგიური სისტემისა და სოციალური გარემოს დაზიანების სერიოზულ რისკზე მიუთითებენ და ხეობაში დამატებითი ჰესების მშენელობას საჯარო ინტერესების და ადგილობრივი თემის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. სარჩელი წარდგენილია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ.
,,სოფელ ბირკიანთან “ხადორი 3”-ის მშენებლობის შესახებ მოსარჩელეებმა ადგილზე სამშენებლო სამუშაოების ჩატარების პერიოდში გაიგეს. მანამდე მათ არ ჰქონიათ შესაძლებლობა, სხვადასხვა საჯარო არხით მიეღოთ ინფორმაცია ჰესის მშენებლობის პროცესის შესახებ და, შესაბამისად, მონაწილეობა მიეღოთ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ საჯარო განხილვებში. მოსარჩელეებისთვის და პანკისის ხეობის სხვა მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულად დგას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი. ჰესის აშენების შემთხვევაში მათი სასმელი/სარწყავი წყლის საკითხი, რომელსაც მდინარე ალაზნიდან იღებენ, მდინარის დიდი ნაწილის მილებში მოქცევის პირობებში არსებითი საფრთხის ქვეშ დადგება. ჰესის მშენებლობის პირობებში მათ შორის საფრთხე ექმნება ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრით დაშორებულ ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალს, რომელიც ადგილობრივი ეკოსისტემის განსაკუთრებული ღირშესანიშნავობაა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალი არსებითად ტურიზმს უკავშირდება, ხეობის უნიკალური ეკოგარემოს დაზიანება კი ნეგატიურად აისახება რეგიონის ეკონოკურ განვითარებაზე. პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის მტკივნეულად დგას ის საკითხიც, რომ პანკისის ხეობაში იგეგმება კიდევ რამდენიმე ჰესის მშენებლობა, რაც ზიანის მიყენების პროცესს კიდევ უფრო შეუქცევადს გახდის. დავის ფარგლებში EMC არსებითად იყენებს მწვანე ალტერნატივას მიერ ჰიდროელექტროსადგურის – “ხადორი 3″ მშენებლობისთვის გაცემული გზშ-ს ანგარიშის კრიტიკულ შეფასებას. მომავალში ორგანიზაცია სასამართლოს ასევე წარუდგენს დამატებით ექსპერტულ დასკვნას. EMC მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თემის ბრძოლა გარემოს დაცვისა და სოციალური სამართლიანობის იდეისთვის მნიშვნელოვანი პროცესია და სოლიდარობას უცხადებს მათ”,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.