HOLIDAY INN TELAVI სექტემბერში გაიხსნება
“ჰოლოდეი ინის” გენერალური დირექტორის, ლევან ერისთავის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტის სამშენებლო ნაწილის დაახლოებით 80% დასრულებულია.
„სასტუმრო, საერთო ჯამში, იქნება 85-ნომრიანი, რომელიც თავის მხრივ დაყოფილი იქნება სამ სხვადასხვა ტიპის ნომრებად – standard, suite და executive. შესაბამისად, მოხმარებელს ექნება ფართო არჩევანი. ჩვენ მოთხოვნისამბერ შევთავაზებთ შესაბამისი ტიპის ნომერს. რაც შეეხება სეგმენტაციას, ქვეყანაში ტურისტული ნაკადის ზრდიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავარი ფოკუსირება იქნება ტურისტულ სეგმენტზე, თუმცა პროექტის დასაწყისიდანვე გეგმაში იყო, რომ აქცენტი გაგვეკეთებინა არა მხოლოდ ტურისტულ სეგმენტზე, არამედ ადგილობრივ მომხმარებელზეც. კვლევებმა აჩვენა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივი გადის დედაქალაქიდან კახეთის რეგიონში დასვენების დღეებში. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ, ამ სეგმენტს მათთვის კომფორტული გარემო შევუქმნათ და შევთავაზოთ ისეთი სერვისი, რომლის ნაკლებობასაც კონკრეტულად ეს რეგიონი განიცდის“, – აცხადებს ერისთავი.
მისი ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ფასები სეზონის მიხედვით შეიცვლება.
„საშუალოდ ფასი 90-95 დოლარის ფარგლებში იქნება, საუზმით. ვფიქრობთ, სასტუმრო ინდუსტრიაში კონკურენტუნარიანი ფასით შესვლა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მყარად დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი ბაზარზე. სასტუმროს გახსნა დაგეგმილია სექტემბრისთვის. ეს სეზონი ყველაზე დატვირთულია კახეთის რეგიონისთვის, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საუკეთესო პერიოდში შევიდეთ ბაზარზე მაღალი დონის სერვისით და შესაბამისი სტანდარტებით“, – აღნიშნა Holiday inn Telavi-ს გენერალურმა დირექტორმა.