სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. და მიხეილ გ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის შვილს – ლ.ს-ს, ქალაქ თელავში, სამხედრო ქალაქის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი ფართის მუდმივ სარგებლობაში და შემდგომ საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, რომლის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 4000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. გარდა ამისა, 2018 წლის 27 ივნისს, მიხეილ გ-მ, გიორგი გ-სთან წინასწარი შეთანხმებით, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე სავაჭრო ცენტრ – ,,ლილო-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნულ მოქალაქეს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნახევარი – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 29 ივნისს – თანხის დარჩენილი ნაწილი – 2000 ლარი, რომლის დროსაც იგი ბრალდებულის სახით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – განაცხადეს ანტიკორუფციულ სააგენტოში.