სტატიები

ნახევარი წელი „თვითმმართველი ქალაქის“ სტატუსის გარეშე: რამდენად „სარფიანად“ შეეწირა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი 2017 წლის „რეფორმას“

შესაბამისად, უკვე შესაძლებელია გარკვეული ანალიზის გაკეთება და იმის შეფასება,თუ რამდენად „ხარჯთეფექტიანად“ შეეწირა ადგილობრივ თვითმმართველობაზე ქალაქ თელავში მცხოვრები მოსახლეობის საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული და გარანტირებული უფლება ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქალაქ თელავისთვის „თვითმმართველი ქალაქის“ სტატუსის ჩამორთმევის (გაუქმების) შესახებ, რომელიც გასულ, 2017 წელს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნის უხეში დარღვევით (მოსახლეობასთან აუცილებელი წინასწარი კონსულტაციების გამართვის გარეშე) განხორციელდა; თავისთავად საინტერესოა იმის გარკვევაც, ამ გადაწყვეტილებამ რეალურად მოიტანა თუ არა მთავრობის მიერ შეპირებული „სიკეთეეები“ და „სარგებელი“, თვითმმართველი თემის სახით, კვლავ გაერთიანებული თელავის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის.

დავიწყოთ იმით, რომ ქვეყნის ხელისუფლება, თვითმმართველობის სფეროში 2014 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად შექმნილიშვიდიახალი თვითმმართველიქალაქისგაუქმებისადამათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების აუცილებლობის ერთ-ერთ უმთავრეს არგუმენტად თავის დროზე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და მის საფუძველზე დაზოგილი თანხების რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიმართვას ასახელებდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნავდა, რომ, მუნიციპალიტეტების გაყოფამ წარმოშვა რიგი პრობლემებისა: ა) „მინიმუმ გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები, ერთის მაგივრად ორი თვითმმართველი ერთეულის და, შესაბამისად, მათი ორგანიზაციების შექმნის შედეგად“; ბ) „კაპიტალური ხარჯების მოცულობა შემცირდა მიმდინარე, მათ შორის, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის პროპორციულად, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება როგორც თვითონ მუნიციპალიტეტების, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“; გ) „გაუარესდა ხარჯვის ეფექტიანობა“ (რაც იმას გულისხმობდა, რომ ხარჯვა არ იყო განვითარებაზე ორიენტირებული).

დაიზოგა თუ არა ადმინისტრაციული ხარჯები?

საინტერესოა, თვითმმართველი ქალაქი თელავის ადმინისტრაციის გაუქმებითა და კვლავ სათემო მუნიციპალიტეტში დაბრუნებით, რეალურად, მოხდა თუ არა ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვა, რამდენად სწორ გათვლებს აკეთებდა რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ მიმართულებით.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტში/ მუნიციპალიტეტებში წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების შესახებ 2017 და 2018 წლების მიხედვით; საგულისხმოა, რომ 2017 წლის მონაცემები წარმოდგენილია როგორც ცალ-ცალკე თელავის ქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტისთვის, ისე ჯამური სახითაც.ამასთან, 2017 წლის შესაბამისი მონაცემები აღებულია საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტების 31/05/2017-ის მდგომარეობით არსებული რედაქციების მიხედვით

(თანხები მითითებული აათას ლარებში):

 

როგორც ვხედავთ, თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის თანახმად (31/05/2018-ის მდგომარეობით), „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება“ 4 673 900 ლარითაა დაგეგმილი და იგი 172 500 ლარით ნაკლებიათელავის ორივე მუნიციპალიტეტის 2017 წლის ანალოგიურ ჯამურ მაჩვენებელზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ, 2018 წლის ბიუჯეტით, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების „შრომის ანაზღაურების“ მუხლში მიმართული სახსრები მხოლოდ 18 300 ლარითაა ნაკლები თელავის ორივე მუნიციპალიტეტის 2017 წლის ანალოგიურ ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით. შესაბამისად, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ რეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროს წინასწარ გათვლებს, რომ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების საფუძველზე, დაზოგილი საბიუჯეტო თანხები რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდებოდა, სულ მცირე, თველავის შემთხვევაში, მაინცადამაინც დიდად დამამიმედებელი კავშირი არ აღმოაჩნდა რეალურ მდგომარეობასთან. პარალელურად, თელავის გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში არც სამოხელეო შტატების რაოდენობის არსებითი ცვლილება (შემცირება) მომხდარა.

იზრდებოდა თუ არა გაყოფილი მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლები?

საგანგებოდ უნდა შევეხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს. თავის დროზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2014 წელს გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანების ერთ-ერთ „წონად“ არგუმენტად ის გარემოება მოჰყავდა, რომ „მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, რადგან გაყოფა არანაირად არ გამოდგა ეკონომიკური აქტივობის წახალისები სსაფუძვლად“; იგი ასევე აცხადებდა, რომ მუნიციპალური ბიუჯეტების ზრდა „მიღწეული იქნა არასაკუთარი შემოსავლების გაზრდის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ტრანსფერის გამოყოფის ხარჯზე (სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული იქნა დამატებითი ხარჯები)“. ვნახოთ, თელავის მაგალითზე, რამდენად რეალური იყო / არის სამინისტროს ამგვარი დასკვნები.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) შემოსავლების შესახებ, თუ როგორ იცვლებოდა სხვადასხვა წყაროებიდან მისაღები შემოსავლები წლების მიხედვით დინამიკაში, მათ შორის „წმინდად“ „საკუთარი“ შემოსავლები (გრანტების გარეშე). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ: (1) 2015, 2016 და 2017 წლების მონაცემები წარმოდგენილია როგორც ცალ-ცალკე თელავის საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტებისთვის, ისე ჯამური სახითაც; (2) შესაბამისი მონაცემები 2013, 2015, 2016, 2017 და 2018 წლებისთვის აღებულია საკრებულოს მიერ დამტკიცებული ამ წლების ბიუჯეტების ოფიციალური რედაქციების მიხედვით, შესაბამისი საფინანსო წლის 31 მაისის მდგომარეობით

(თანხები მითითებულია ათას ლარებში):

სინამდვილეში, თელავის მაგალითზე, შეიძლება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ითქვას, რომ თვითმმართველიქალაქი თელავის მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ე.წ. „წმინდა“ „საკუთარი“ შემოსავლები, მათი დამოუკიდებელ თვითმმართველ ერთეულებად არსებობის პირობებში, წლიდან წლამდე დინამიკაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ასე, მაგალითად, ქალაქთელავის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები (ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული გრანტების, მათ შორის გათანაბრებითი ტრანსფერის გარეშე) 2015 წელს შეადგენდა 1 180500 ლარს, 2016 წელს – 2 963500 ლარს, 2017 წელს კი – 3 573400 ლარს, ხოლო რაც შეეხება თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ანალოგიურ მონაცემებს, ამ უკანასკნელის საკუთარი შემოსავლები (ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული გრანტების, მათ შორის გათანაბრებითი ტრანსფერის გარეშე), 2015 წლის ბიუჯეტის 31/05/2015-ის მდგომარეობით არსებული ვარიანტის მიხედვით, დაგეგმილი იყო 2 184200 ლარით, 2016 წელს – 2 888700 ლარით, 2017 წელს კი – 4 563700 ლარით. შესაბამისად, 2015-2017 წლებში მნიშვნელოვანი ზრდის დინამიკით ხასიათდებოდა თელავის ორივე მუნიციპალიტეტის ანალოგიური ჯამური მაჩვენებლებიც. საგულისხმოა, რომ 2015-2017 წლებში თელავის ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები (როგორც ცალ-ცალკე აღებული, ისე ჯამურადაც) იზრდებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული გრანტების ჩათვლითაც და მათ გარეშეც; ამასთან, ზემოაღნიშნული ცხრილიდან, თელავის მაგალითზე, კარგად ჩანს ადგილობრივი თვითმმართველობებისადმი ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულება, რაც იმ ტენდენციაში გამოიხატება, რომ 2015-2017 წლებში რაც უფრო იზრდებოდა თელავის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის „წმინდა“ „საკუთარი“ შემოსავლები (როგორც ცალ-ცალკე, ისე ჯამური სახით), ამის პირდაპირ პროპორციულად მცირდებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან მათთვის გადასაცემი გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა. კერძოდ, 2015 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან, 30/05/2015-ის მდგომარეობით, თელავის მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი გათანაბრებითი ტრანსფერის ჯამური მოცულობა 11 056500 ლარს შეადგენდა, 2016 წელს – 9 870400 ლარს, 2017 წელს კი – 8 960700 ლარს. არა გვგონია, საკითხისადმი მსგავსი დამოკიდებულება  მოტივაციად გამოადგეს მუნიციპალიტეტებს საიმისოდ, რომ მათ ძირითადი სწორება საკუთარი შემოსავლების (გრანტების გარეშე) ზრდაზე გააკეთონ. რაც შეეხება 2018 წელს, თელავის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერის სახით გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსის ოდენობა 9 560700 ლარს შეადგენს, რაც ზუსტად 600000 ლარით აღემატება თელავის ყოფილი მუნიციპალიტეტებისთვის 2017 წელს გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერების რაოდენობის ანალოგიურ ჯამურ მაჩვენებელს. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა მოერიდა პირველივე წელს დაერღვია საკუთარი პირობა (ყოველ შემთხვევაში, – თელავთან მიმართებაში მაინც), რომლის თანახმადაც,  2014 წელს განხორციელებული ცვლილებებით შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანების შედეგად, არ უნდა გაუარესებულიყო მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის აუცილებელი ფინანსური მდგომარეობა და, შესაბამისად, უნდა შენარჩუნებულიყო მათი ფინანსური რესურსები, აქცენტით მზარდი კაპიტალური ხარჯების გაწევის შესაძლებლობაზე.

რა სიტუაციაა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების კუთხით მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ?

„კაპიტალური ხარჯების გაწევის შესაძლებლობის მზარდობაზე აქცენტი“ ვახსენეთ და ორიოდე სიტყვით უნდა ითქვას ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც, რომლის ფართომასშტაბიან განხორციელებასაც, როგორც აღმოჩნდა, თურმე თვითმმართველი ქალაქების არსებობა უშლიდა ხელს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტში (მუნიციპალიტეტებში) „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის“ პროგრამის დაფინანსებისა და მის ფარგლებში „არაფინანსური აქტივების ზრდაზე“ გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების შესახებ 2017 და 2018 წლების მიხედვით; ამასთან, 2017 წლის მონაცემები მოცემულია როგორც ცალ-ცალკე თელავის საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტებისთვის, ისე ჯამური სახითაც. საგულისხმოა, რომ შესაბამისი მონაცემები 2017 და 2018 წლებისთვის მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაშიც აღებულია საკრებულოს მიერ დამტკიცებული ამ წლების ბიუჯეტების ოფიციალური რედაქციების მიხედვით, შესაბამისი საფინანსო წლის 31 მაისის მდგომარეობით

(თანხები მითითებულია ათას ლარებში):

მკითხველისთვის რომ უფრო უკეთ გასაგები იყოს, თუ რაზეა საუბარი, განვმარტავთ, რომ „არაფინანსური აქტივების ზრდა“ გულისხმობს ქონების შეძენას, შექმნას (აშენებას); საკუთრივ, არაფინანსურ აქტივებში კი შედის სახელმწიფოს ისეთი მატერიალური ქონება, როგორიცაა შენობა-ნაგებობები, გზები, ხიდები, მიწა, მანქანა-დანადგარები, მარაგები და ბუნებრივი რესურსები. შესაბამისად, „არაფინანსური აქტივების ზრდა“, ძირითადად, მოიცავს ბიუჯეტის კაპიტალურ, ინფრასტრუქტურულ ხარჯებს. სწორედ ამიტომაც „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ესპლუატაციის“ პროგრამა და მის ფარგლებში „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არის ყველაზე მეტად საინტერესო იმის საილუსტრაციოდ, თუ რეალურად რა სიტუაციაა ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერის მხრივ. როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის“ პროგრამის 2018 წლის დაფინანსება (8 544 400 ლარი) თელავის გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში მოცემული მომენტისთვის (31/05/2018-ის მდგომარეობით)  5 222 800 ლარით ნაკლებია გაერთიანებამდე არსებული თელავის საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტების 2017 წლის ანალოგიურ ჯამურ მაჩვენებელთან (13 767 200 ლარი) შედარებით; ასევე სოლიდურია სხვაობა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლთან მიმართებაში – კერძოდ, თელავის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის 2018 წლის დაფინანსება 6 147 400 ლარით ნაკლებია გაერთიანებამდე არსებული სათემო და საქალაქო მუნიციპალიტეტების 2017 წლის ანალოგიურ ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით. ეს, პრაქტიკულად, იმას ნიშნავს, რომ ამეტაპზე (31/05/2018-ის მდგომარეობით) თელავის მუნიციპალიტეტში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 6 147 400 ლარის ღირებულებით ნაკლები ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაა დაგეგმილი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თუკი 2017 წელს „არაფინანსური აქტივების ზრდისთვის“ გაერთიანებამდე არსებულ მუნიციპალიტეტებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერების ჯამური ოდენობა 7 045 100 ლარს შეადგენდა, მათი გაერთიანების შედეგად შექმნილი თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ანალოგიური ჯამური მაჩვენებელი მხოლოდ 2 168 400 ლარია. ანუ, გამოდის, რომ, 2017 წელთან შედარებით, თელავის გაერთიანებული მუნიციპალიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან მოცემული მომენტისთვის, ფაქტიურად, 4 876 700 ლარით ნაკლებ ფინანსურ სახსრებს მიიღებს ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. თავისთავად ცხადია, რომ მსგავსი სიტუაცია ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს სწორებად ან აქცენტირებად „მზარდი კაპიტალური ხარჯების გაწევის შესაძლებლობაზე“ (რომლის ძირითად ინსტრუმენტადაც ხელისუფლება პირველ ეტაპზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შესაბამის დაბალანსებას განიხილავდა).

რა შედეგი (ფინანსური ეფექტი) მოიტანა საკრებულოში ახალი თანამდებობის პირების გაჩენამ?

და ბოლოს, კიდევ ერთიც უნდა აღინიშნოს: 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების გაერთიანების (რეალურად, მხოლოდ ტერიტორიული ცვლილების) გარდა,  დიდი ზარ-ზეიმით დაანონსებული მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, ერთადერთ ხელშესახებ ცვლილებად, რაც ბოლო დროს თვითმმართველობის სფეროში განხორციელდა, ის ფაქტი იქცა, რომ თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლობით ორგანოში თანამდებობის პირთა წრე გაიზარდა, საკრებულოს თანამდებობის პირის რანგში საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის აყვანის ხარჯზე.

როგორც ცნობილია, ორგანული კანონით განისაზღვრა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო, ფრაქციაში ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში, ფრაქციის თავმჯდომარე (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარისა) უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით კიდევ ერთი მოადგილე.

შედეგად მივიღეთ ის, რომ თელავის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის 35-კაციან საკრებულოში, დღეის მდგომარეობით, 16 თანამდებობის პირია და აქედან 9 მათგანი სწორედ საკრებულოს ფრაქციის ინსტიტუტთან დაკავშირებულ თანამდებობის პირებს წარმოადგენენ (საკრებულოში არსებული4 ფრაქციის თავმჯდომარეს დამატებული საკრებულოს ფრაციათა თავმჯდომარეების 5 მოადგილე). შესაბამისად, საკრებულოს ამ 16 თანამდებობის პირის მხოლოდ შრომის ანაზღაურება ადგილობრივ ბიუჯეტ სყოველთვიურად 27 200, ხოლო წლის განმავლობაში კი – 326 400 ლარი უჯდება (ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ამ პირებზე 2018 წლის განმავლობაში არანაირი სახელფასო დანამატი არ გაიცა). აღნიშნულის გათვალისწინებით, თვითმმართველობის სფეროში 2017 წელს განხორციელებული ცვლილებების ეფექტიანობის შეფასება თავად მკითხველისთვის მოგვინდია.

რა შეიძლება ითქვას დასკვნის სახით?

პირველი ის, რომ, წინა წლებთან შედარებით, თვითმმართველი ერთეულის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რომელიმე საბიუჯეტო პარამეტრის არსებითი ზრდა არ მომხდარა (ყოველ შემთხვევაში, თელავთან მიმართებაში მაინც), – ისეთი ზრდა, რომელსაც შეიძლებოდა გადაეწონა თუნდაც იგივე თელავისთვის  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის ფაქტი;

მეორეც კიდევ ის, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინასწარმა გათვლებმა, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობისა და მათი ადმინისტრაციების (ფაქტიურად, ადმინისტრაციული ხარჯების) შემცირება თითქოსდა 40 მილიონი ლარის საბიუჯეტო ეკონომიას გამოიწვევდა, თელავის შემთხვევაში, მსუბუქად რომ ვთქვათ, „ჩაილურის წყალი დალია“.

და ყოველივე ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ2017 წელს შვიდი თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის) გაუქმებას ერთადერთი ახსნა და მიზეზი შეიძლება მოეძებნოს მხოლოდ – ადგილობრივი არჩევნების მოსაგებად საჭირო კადრების დეფიციტი (საკადრო პოლიტიკის კრიზისი) ხელისუფლებაში. თელავთან მიმართებაში, არსებულ მოცემულობაში, სხვა ახსნის პოვნა ელემენტარულად წარმოუდგენელია.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოში ისევ გრძელდება წლების მანძილზე დამკვიდრებული მეტად არასახარბიელო ტენდენცია: ხელისუფლების სათავეში მყოფი ნებისმიერი მმართველი პოლიტიკური ძალა  როგორც კი თვითმმართველობის სფეროში განსახორციელებელ რეფორმებზე იწყებს ლაპარაკს, ამ საკითხს იმ კუთხით კი არ უყურებს, თუ რა უფრო უკეთესი და უმჯობესი იქნება ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტისა და დეცენტრალიზაციის ხარისხის ასამაღლებლად და რეალური, დამოუკიდებელი თვითმმართველობის ჩამოსაყალიბებლად, არამედ უფრო იმ კუთხით, თუ, მის ხელთ არსებული შეზღუდული საკადრო რესურსებით, თვითმმართველობის რომელი ან როგორი მოდელის არსებობის პირობებში უფრო უკეთ მოახერხებს ადგილობრივი არჩევნების ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე მოგებას. უსიამოვნო ტრადიციაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტია.

ირაკლი პაპავა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითრების ცენტრი – იურისტი, ექსპერტი

მასალა მომზადებულია, პურიმსოფლიოსთვის – BrotfürdieWelt(BtW) დაფინანსებული პროექტის „CSRDG ძირითდი პროგრამა 2017-2020 წლები“-ს ფარგლებში“ 

ავტორის მიერ მასალაში გამოთქმული მისაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის“-ს პოზიციას. 

©საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითრების ცენტრი