პანკისში ჰესის მშენებლობა შეჩერდა
ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 90 მეტრში ჰესის სამშენებლო სამუშაოები მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ადგილობრივებმა „ხადორი 3“-ის მშენებლობის წინააღმდეგ ხეობაში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს. როგორც knews.ge-ს სოფელ ომალოს მაცხოვრებელმა სულხან ბორძიკაშვილმა განუცხადა, ჰესის მშენებლობა გარემოზე მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს და საფრთხეს შეუქმნის პანკისის ფლორასა და ფაუნას.
„მოსახლეობა ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. ეს არის ჩვენი მთავარი პროტესტის მიზეზი. ჰესის მშენებლობა დაუშვებელია. დაახლოებით 5 კილომეტრზე, სოფელ ბირკიანამდე დაგეგმილია მდინარე ალაზნის მილებში მოქცევა, რაც გამოიწვევს ტყის გამეჩხრებას, წყლის დონის მკვეთრ შემცირებას და გაჩნდება სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა. შედეგად განადგურდება ფლორა და ფაუნა“, – განუცხადა Knews.ge-ს სულხან ბორძიკაშვილმა.
პანკისის ხეობაში მესამე ჰიდროელექტროსადგურს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“– ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.