ახალი ამბები

მესაზღვრის დედა – მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემს შვილს თუშეთში გადმოგვცემენ

ნარგიზა მახათაძის თქმით, მას შვილთან კომუნიკაცია ორი დღეა არ ჰქონია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გორში მცხოვრები კობა მაჭარაშვილი, რომელიც 13 წელია სასაზღვრო პოლიციის „კაბალჰესის“ საგუშაგოზე​ მესაზღვრედ მუშაობს, სამსახურში წასვლის შემდეგ არ გამოჩენილა. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს მაჭარაშვილის დედამ განუცხადა, მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა.
„ჩემს შვილთან ერთად, როგორც გავიგე, კიდევ არის მისი თანამშრომელი, თუმცა რა მოუხდათ, ან როგორ, ამის შესახებ მე ჯერ არაფერი ვიცი“, – აცხადებს მაჭარაშვილის დედა.
მეორე მესაზღვრე, გიორგი კერესელიძე სოფელ შრომიდან არის.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები რუსმა სამართალდამცველებმა მაშინ გაიტაცეს, როდესაც საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის პერიმეტრზე პატრულირებდნენ. შსს-ს თანამშრომლები რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ აიყვანეს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს რუსეთი ორ მესაზღვრეს ქართულ მხარეს გადმოსცემს.