საკანალიზაციო სისტემაში ნარჩენების ჩაყრა იკრძალება
მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, იკრძალება საკანალიზაციო სისტემაში ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გამდინარე წყლების უკონტროლო და ნორმების შეუსაბამო ჩაშვება. ჩამდინარე წყლების ჩაშვების/მიღების პროცედურას და კონტროლის მექანიზმებს მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით დაადგენს.
კანონპროექტის ინიციატორები არიან: კახა კუჭავა, სულხან მახათაძე, კობა ლურსმანაშვილი, ენძელა მაჭავარიანი და ზაზა ხუციშვილი.
შესაბამისი ცვლილებები “წყლის შესახებ კანონში“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევა.
,,საკანალიზაციო სისტემაში ნარჩენების ჩაყრა, აგრეთვე, ტექნიკური რეგლამენტის პირობების შეუსაბამო ჩამდინარე წყლის ჩაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას კი – 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებულია ფიზიკური პირის დაჯარიმება 800 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმება – 2000 ლარის ოდენობით”,– აცხადებენ კანონპროექტის ინიციატორები.
გარემოს დაცვის ექსპერტები აღნიშნულ სიახლეს დადებითად აფასებენ. მათი თქმით, აღნიშნული ინიციატივა გარემოს დაცვის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია.
,,ამ კუთხით გასულ წლებში იყო პრობლემები. იმ საკანალიზაციო ჭაში, რომელიც გადახდილი იყო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოსახლეობა ნაგავს ყრიდა, რაც შემდეგ გარკვეული სახის პრობლემებს ქმნიდა. კარგია, რომ ეს საკითხი დარეგულირდება”,- აღნიშნეს knews.ge-სთან საუბრისას გარემოს დაცვის ექსპერტებმა.