გრემის XVI საუკუნის წმ. ნიკოლოზის ტაძარს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. სააგენტოს ინფორმაციით, ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა დასავლეთის წაგრძელებული მკლავით (8×5,8 მ). აშენებულია ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს.
“კარები გარედან თაღოვანია, შიგნიდან არქიტრავული. ჩრდილოეთის კარის ჭრილი ფრონტონისებური გადახურვით სრულდება, დასავლეთის კარი აგურის ჩაღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩამჯდარი, რომლის თავი ხერხულა ლავგარდნით სრულდება. დასავლეთის და სამხრეთის მკლავებში თითო, ხოლო აღმოსავლეთის კედელში სამი ვიწრო და თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთის მხარი ქვის თაროსებრი, დანარჩენი მკლავები კი აგურის ოთხრიგი ლავგარდნით სრულდება. გუმბათი ექვსკუთხა ცილინდრია. წიბოებზე მარტივი ლილვებია მოცემული, რომელზეც წახნაგის თაღები გადადის. თაღთაშორისი სივრცე დადაბლებულია და თითოეულ მათგანში ვიწრო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. გუმბათი მარტივი ქვის ლავგარდნით სრულდება, რომელზეც კრამიტის სახურავია დაყრდნობილი. დასავლეთის და აღმოსავლეთის მკლავების ფასადის ფრონტონში აგურის წყობით კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარია მოცემული. გუმბათის სარკმელთა ორივე მხარეს ცისფერი ჭიქურით შეღებილი ოთხ-ოთხი მრგვალი აგურია ჩასმული. ფასადები შელესილი ყოფილა. ამჟამად შელესილობა დაზიანებულია და ადგილ-ადგილ აყრილი. აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ქვეშ, კედელთან ქვის მრავალკუთხა ტრაპეზია მიდგმული. სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია. აბსიდის კონქი მხრებზე გადასულ შეისრულ თაღს ეყრდნობა. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა და შეისრული კამარით გადახურული პასტოფორიუმებია, რომლებიც დარბაზს დასავლეთის კარით უკავშირდება. თითოეულ მათგანის აღმოსავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. სამკვეთლო და სადიაკვნე საკურთხეველს შიდა კარით უკავშირდებიან. პასტოფორიუმთა დასავლეთის კარის თავზე, სანიშეებია, რომელთა ზემოთ მარმარილოს ფილებია ჩადგმული. ჩრდილოეთის მკლავის ფილა ძლიერ დაზიანებულია და მასზე შესრულებული ასომთავრული წარწერის მხოლოდ ცალკეული რამდენიმე ასო იკითხება. სამხრეთის მკლავის ფილაზე კი ჯერ კიდევ გაირჩვა რვასტრიქონიანი წარწერის ფრაგმენტები. წარწერა საქტიტორო უნდა იყოს, რომელშიც მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელზე მიმართვაა. ტექსტის ბოლოში უნდა იხსენიებოდეს ვინმე ზაქარია”, – აღნიშნული ძეგლის ანოტაციაში.