ლეილა უმაროვა – ბესლანი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ მასთან არ მილაპარაკია
წუწაშვილის დედა ლეილა უმაროვა აცხადებს, რომ შვილთან ამ დრომდე კომუნიკაცია არ ჰქონია.
“ბესლანი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ მასთან არ მილაპარაკია. ტელევიზიიდან გავიგე ჩემი შვილის დაბრუნების შესახებ. ბესლანი კარგად არის და ცოცხალია”, – განუცხადა Knews.ge-ს ლეილა უმაროვამ.
ბესლანის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია 23 ივნისს გავრცელდა. წუწაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ბესლან წუწაშვილი ჩეჩნეთში 6 ივნისს დაღესტნელ მეგობრებთან ერთად გაემგზავრა. წუწაშვილის დედა, ლეილა უმაროვა აცხადებდა, რომ შვილის დაკარგვიდან ორი კვირის შემდეგ 28 წლის მამაკაცის ოჯახს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ წუწაშვილი ტერორიზმის ბრალდებით ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან რუსულმა მხარემ დააკავა. უმაროვას მტკიცებით, მის შვილს სირიასთან კავშირი არასოდეს ჰქონია.