ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნება
ღონისძიება მეორე წელია, რაც ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე “Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი რეგიონის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარებაა.
,,ლაგოდეხის ნაკრძლის მიმდებარედ ტრადიციული ბლუზის ფესტივალის ჩატარება მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადების მოსაზიდად. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს რეგიონის ეკონომიკას, აამაღლებს მის ცნობადობას ევროპულ ტურისტულ რუკაზე”, – განუცხადეს Knews.ge-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
ფესტივალი, რომლის ფარგლებში 14 კონცერტი ჩატარდება, 23 ივნისიდან 18 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ 8 ქვეყნის: საქართველოს, აშშ-ის, საფრანგეთის, ინგლისის, ისრაელის, კანადის, ჰოლანდიის და რუსეთის წარმომადგენლები.
კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ბლუზის ვარსკვლავები შერონ ლუისი, შარლ ბარტონი, ჯეისი სმიტი, კენი ვეინი და სხვები. ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.