იორმუღანლოს სკოლის პედაგოგმა სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრა
პედაგოგის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება დირექტორის ბრალდება, რომლის მიხედვითაც მან სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეს ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენა.
“დღეს სარჩელი შევიტანე სასამართლოში იორმუღანლოს სკოლის დირექტორის წინააღმდეგ და გავასაჩივრე ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება. ვითხოვ სამსახურში აღდგენას. ეს იყო უსაფუძვლო ბრალდება, რომ თითქოს მე სკოლის მოსწავლეს ვცემე. შეხებასა და ცემას შორის დიდი განსხვავებაა. უარვყოფ ამ ბრალდებას და არ ვეთანხმები, რადგან მე ბავშვი არ მიცემია. დაზარალებული და მომჩივანი არ არსებობს. სწორედ ამის დამტკიცებას ვაპირებ სასამართლოს გზით”, – განუცხადა knews.ge-ს თეა გურგენიძემ.
პედაგოგის ვარაუდით, სკოლიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების დაწერა სკოლის დირექტორს საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დაავალა.
,,როდესაც ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც მე თითქოს მოსწავლეს ვცემ, სკოლის დისცილპინური კომიტეტის რამდენიმე წევრი დაჯდა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლის მოსწავლეზე ძალადობის ფაქტი დასტურდებოდა. არავის არაფერი ჰკითხეს, რას და როგორ აკეთებდნენ, მეც კი არ შემატყობინებს, რომ ჩემს საკითხს განიხილავდნენ, გამოიტანეს დასკვნა და შეადგინეს ოქმი, რომელიც წარედგინა დირექტორს და ითხოვდნენ ჩემს გათავისუფლებას. დირექტორი არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას და სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა გადაწყვეტილება, რადგან მისი თანხმობის გარეშე ის ვერ გამათავისუფლებდა. სამეურვეო საბჭო არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას, შემდეგ გადაგზავნეს საბუთები შიდა აუდიტთან და მიმართეს შეესწავლა საბუთები. შიდა აუდიტს არ მიუღია გადაწყვეტილება და არ დაუდია დასკვნა, რომ ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთა. დირექტორმა პირად საუბარში მითხრა, რომ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა აიძულა, რომ მე გავეთავისუფლებინე სამსახურიდან. ამის მერე დააწერინეს დირექტორს განცხადება ჩემი გათავისუფლების შესახებ. ჩემს მხარეს არის სოფელი, სკოლა, თანამშრომლები, ბავშვები, ყველა დარწმუნებულია, რომ არ ვარ დამნაშავე’’,- აღნიშნა თეა გურგენიძემ.
გურგენიძის გათავისუფლება რამდენიმე კვირის წინ სკოლის მოსწავლეებმა გააპროტესტეს და სოფელში კარვები გაშალეს.