თელავში მოხალისეობის პირველი რეგიონული ფორუმი გაიმართა
ფორუმში 140-მდე სტუმარი მონაწილეობდა, რომელთა შორის იყვნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო სექტორის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები, აგრეთვე მოხალისეობის მსურველი ახალგაზრდა აქტივისტები.
აქტიურმა მოქალაქეებმა, ქართველმა და უცხოელმა მოხალისეებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოხალისეობასთან დაკავშირებული გამოცდილება. ღონისძიების ორგანიზატორი „მედია ცენტრი კახეთის“ თელავის რეგიონული ჰაბი იყო, რომლის უშუალო ჩართულობით ფორუმის პოპულარიზაციის მიზნით, ვიდეო რგოლი და გაზეთ „კახეთის ხმის“ სპეციალური გამოცემა მომზადდა. მოხალისეობის ფორუმი გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის’’ (2017-2020) ფარგლებში.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი აღნიშნავს, რომ ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რადგან მან ერთმანეთთან დააკავშირა მოხალისეობის მაძიებელი ორგანიზაციები და მოხალისეები.
„ჩვენ ქვეყანაში მოხალისეობას, მის განვითარებას რეალურად სჭირდება მხარდაჭერა. ამას ემსახურებოდა დღევანდელი ფორუმი. ასეთი ტიპის ფორუმები, ერთი მხრივ, არის შესაძლებლობა, პოპულარიზაცია გაუწიოს მოხალისეობრივ საქმიანობას, მოუწოდოს ადამიანებს და დაეხმარონ სხვებს, გააცნობიერონ, რა მნიშვნელობა აქვს მოხალისეობას პიროვნული თუ ორგანიზაციული განვითარებისთვის. მეორე მხრივ, ეს დღე მნიშვნელოვანია იმით, რომ რეალურად აქ არის ადგილი მოხალისეებისა და მოხალისეების მიმღები ორგანიზაციების ურთიერთშეხვედრის, რეალური გასაუბრების, შეთანხმებების მიღწევისთვის. ანუ მოხალისეობის ფორუმი შეიძლება ჩავთვალოთ, საწყის დღედ, რომელმაც უნდა დაუდოს საფუძველი მოხალისეობის განვითარებას საქართველოში“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ნათია ნამიჭეიშვილი.
მახლისეობის როლზე ყურადღებას ამახვილებს ავთანდილ მაჩიტაძე, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დროის ბანკის ელჩი:
„დროის ბანკი ეს არის ორმხრივი მოხალოსეობის ფორმა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს შორის უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლას. ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, თქვენი შესაძლებლობები გამოიყენოთ სხვების დახმარებისათვის და სანაცვლოდ მიიღოთ დახარჯული დრო, რომელიც შეგიძლიათბ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვადასხვა საჭიროებისათვის. ეს არის სერვისი, რომელიც ხელს უწყობს და ადმინისტრირებას უკეთებს მოხალისეებს შორის თავისუფალი დროის გაცვლა-გამოცვლას“.
ფორუმის ორგანიზატორის, მედია ცენტრი კახეთის დირექტორის, მაია მამულაშვილის თქმით, „მოხალისეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, რომელთაც სურთ, რომ ქვეყნის განვითარებაში პოზიტიური წვლილი შეიტანონ. გადამწყვეტია საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა, მათი ინფორმირება და რაც ყველაზე მთავარია, სურვილი, რომ მათ მიიღონ განვითარებაში მონაწილეობა. მისასალმებელია, რომ კახეთის რეგიონის მასშტაბით ფორუმზე წარმოდგენილმა 30-მდე ორგანიზაციამ და 55-მდე მოხალისემ უკვე დააფიქსირა მოხალისეობის მზადყოფნა“.
„მოხალისეობა მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, ისე ამ ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მსგავს პროექტებში. პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ ურთიერთობა გერმანიასთან. გვყავდა მოხალისე, რომელიც ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარა, დავწერეთ კონცეფციაც. ამჟამად გვყავს სივრცითი მოწყობის ექსპერტი, რომელიც მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად. ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო მათი მოხალისეობრივი ჩართულობა. ვფიქრობ, ყველა მუნიციპალიტეტი უნდა ჩაერთოს და დაუკავშირდეს მოხალისეებს ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ, რათა განახორციელოს მსგავსი ტიპის სასარგებლო და შედეგზე ორიენტირებული პროექტები“, – აღნიშნავს ეკა ცისკარაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.
„პიროვნებას, რომელსაც სურს გახდეს მოხალისე, ბევრი მიზეზის გამო შეიძლება უნდოდეს ეს საქმიანობა: შესაძლოა ეს იყოს თემში არსებული სიტუაციის გამოსწორება, ახალი მეგობრების შეძენა, გართობა, საქართველოში ნელ-ნელა იცვლება დამოკიდებულება. შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, რომ მუშაობდე ანაზღაურების გარეშე, მაგრამ იმის გაგება, რომ რაღაც კარგ საქმეს აკეთებ, უკვე პატივსაცემი ხდება.
ხალხს ესმის მოხალისეობის არსი და ახალგაზრდებისთვის ეს კარგი საშუალებაა სამუშაო ადგილის მოსაძიებლად. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა ადამიანი არა, მაგრამ ძალიან ბევრი ირჩევს მოხალისეობრივ საქმიანობას, რომელიც არის ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. როდესაც ადამიანს კოლეჯში სურს ჩაბარება, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მის მოხალისეობრივ გამოცდილებას, რადგან ეს ნიშნავს, რომ ადამიანი თავისი თემისთვის ცდილობს სარგბელის მოტანას და ამას ხალხი ძალიან აფასებს. აშშ-ში პენსიაზე გასვლის შემდეგ ბევრი ადამიანი ირჩევს მოხალისეობას“, – განმარტავს სარა დიში, მედია ცენტრი კახეთის ამერიკელი მოხალისე.
პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის’’(2017-2020), რომლის ფარგლებში ჩატარდა მოხალისეობის ფორუმი, მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცებას სხვა აქტორებთან. 45 თვის განმავლობაში პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა” ითვალისწინებს 110-ზე მეტი აქტივობის განხორციელებას და 80-მდე გრანტის გაცემას. ინიციატივის ღონისძიებებში სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი ჩაერთვება მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
მაკა ხაზიურის ფოტოები