სიღნაღის მუზეუმში კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტების გამოფენა გაიმართება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაზე, რომელიც 21 სექტემბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილი იქნება 44 ფერწერული ნამუშევარი – სამეფო კარის წარმომადგენელთა პორტრეტები, ტფილისური პორტრეტული სკოლის ნიმუშები, ქანდაკება და მინიატურა.
„ექსპოზიციაზე საზოგადოება იხილავს კახელი დიდგვაროვნებისა და ისტორიული პირების პორტრეტებს, ესენია: ერეკლე II, დარეჯან დედოფალი, ვახტანგ ბატონიშვილი, უცნობი ბატონიშვილი, თავადი ვახტანგ დიმიტრის ძე ჯანბაკურ-ორბელიანი, თეკლა ბატონიშვილი და დავით გურამიშვილი, ასევე ყაჯარული ფერწერის ნიმუშები – ანდრონიკაშვილების პორტრეტები და სხვა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მასალა ასეთი ინტერპრეტაციითა და მასშტაბით პირველად გამოიფინება. მათი გარკვეული ნაწილი უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ ექსპონატებს ჩაუტარდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, დიდი ნაწილი განთავსდა ავთენტურ ჩარჩოებში. გამოფენა ეძღვნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ ირინა არსენიშვილის 75 წლის იუბილეს“, – განუცხადეს knews.ge-ს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.