პანკისელი ბესლან წუწაშვილი, სავარაუდოდ, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს
ახალგაზრდის დაკარგვიდან ორი კვირის შემდეგ 28 წლის მამაკაცის ოჯახს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ წუწაშვილი ტერორიზმის ბრალდებით ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან რუსულმა მხარემ დააკავა. წუწაშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს სირიასთან კავშირი არასოდეს ჰქონია. ლეილა უმაროვას თქმით, ბესლან წუწაშვილი სამუშაოდ ორ დაღესტნელთან ერთად გროზნოში წავიდა და რუსეთის სპეცსამსახურებს ტერირიზმთან მისი შვილის კავშირის შესახებ არასწორი ინფორმაცია მათ მიაწოდეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, ახალგაზრდა საქართველოში მანქანების, ხოლო გროზნოში სამშენებლო მასალების ვაჭრობით იყო დაკავებული. ორი ქვეყნის საზღვარიც არაერთხელ გადაუკვეთავს.
„გროზნოში მიდიოდა სამუშაოდ. ჩემმა შვილმა საზღვარი არაერთხელ გადაკვეთა. დაღესტნელებთან ერთად მგზავრობდა, რომლებმაც რუსებს უთხრეს, რომ ჩემი შვილი ვითომ ტერორისტია“, – განაცხადა ლეილა უმაროვამ.
უმაროვა არ გამორიცხავს, რომ პანკისელი ახალგაზრდა მოიტაცეს და მასზე საქართველოს მოქალაქეობის გამო შური იძიეს. ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი კვირის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყება ბესლან წუწაშვილის ძებნის საქმეში უკვე ჩაერთო. შსს-ს ცნობით, ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ სამართალდამცავებმა ოჯახმა აცნობა, რის შედეგად აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია.
ბესლან წუწაშვილის დედა დღეს თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას გეგმავს. ლეილა უმაროვა უწყებას შვილის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
საინფორმაციო სააგენტო “რეგინფოს” ფოტო