კურორტ ახტალას რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება
ამის შესახებ Knews.ge-ს „ახტალას“ დირექტორმა განუცხადა. გიორგი უტიაშვილის ინფორმაციით, უპირველეს ყოვლისა მოსაგვარებელია ქონების გადაფორმების საკითხი, რომლის დასრულების შემდეგ მომზადდება არქიტექტურული პროექტი.
„კურორტს ახტალას რეკონსტრუქციის სამუშოები წლის ბოლომდე დაიწყება. ინვსეტორმა უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი, რომელიც აუცილებლად ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმდება. სარეაბილიტაციო სამუშოები ისე ჩატარდება, რომ საკურორტო სეზონის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტერიტორია იქნება საერთო სარგებლობაში, როგორც მოსახლეობისთვის, ისე დამსვენებლებისთვის“, – აღნიშნა გიორგი უტიაშვილმა.
გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი “ახტალა” შპს “გლობალ ვიქთორი ჯორჯიამ” 3 760 000 ლარად იყიდა. ელექტრონული აუქციონი 14 ივნისს დასრულდა. კურორტის საწყისი ფასი 3 755 000 ლარი იყო. საპრივატიზებო პირობის მიხედვით, მყიდველმა უნდა განახორციელოს სულ მცირე 12 000 000 ლარის ინვესტიცია და მოაწყოს 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის, რომელიც უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, რესტორნებს, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე, სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლის ავტოსადგომს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, კურორტ ახტალის გაყიდვის მიუხედავად რეკრეაციული ზონა შენარჩუნდება. არჩილ ხანდამაშვილი კურორტის გაყიდვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებაც საუბრობს. “ახტალას გაყიდვასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ იყო აჟიოტაჟი. გაიყიდა მხოლოდ უნიკალური ტალახი და მასთან ახლოს მდებარე კორპუსები. გურჯაანელები რეკრეაციული ზონის გარეშე არ დარჩებიან და ადგილობრივი მოსახლეობას ნებისმიერ დროს შეეძლება დაისვენოს“, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა. მისივე თქმით, კურორტის გაყიდვა გურჯაანში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა სახელმწიფომ პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აუქციონზე 17 მაისს გამოიტანა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ეს უკვე რიგით მეოცე გაყიდული ობიექტია.