სუსი მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ თვალთვალს უარყოფს
გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, ამ საკითხს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სწავლობს.
„თუ ოპერატოულ-სამძებრო ან კონტრდაზვერვითი ან საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე არ არის სანქცირებული ანუ განჩინების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მიყურადება და თვალთვალი უკანონო იქნება. ასეთი ფაქტი არ ყოფილა. დაველოდოთ, რას შეისწავლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა 2 ივნისს განაცხადა, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგნლები უთვალთვალებდნენ. როგორც knews.ge-ს მაჩალიკაშვილმა განუცხადა, მისი თვალთვალი მას შემდეგ დაიწყეს, რაც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობა დაიწყო.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)ინფორმაციით, როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ახმეტიდან თბილისის მიმართულებით საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიზნით ტაქსით გადაადგილდებოდა, სუს-ის თანამშრომლები ცდილობდნენ მისი მაიდენტიფცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღებას. EMC-მ, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავს, მის მიმართ თვალთვალისა და კონტროლის ფაქტებზე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მიმართა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს სთხოვს, შეისწავლოს მაჩალიკაშვილის მიმართ შეკრებების მიმდინარეობის დროს, მათ შორის, 2018 წლის 2 ივნისს, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.